Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ კომპანია Nestle „ომის საერთაშორისო სპონსორების“ სიაში შეიყვანა


უკრაინამ „ომის საერთაშორისო სპონსორების“ სიას დაამატა მსოფლიოს უმსხვილესი სურსათის მწარმოებელი კომპანია Nestle. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს ცნობაში.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, კორპორაცია, რუსული აგრესიის მიუხედავად, აგრძელებს რუსეთში ოპერირებას, საქონლის მიწოდებას და რუსეთში თავისი საწარმოო ბაზის გაფართოებას. „რუსეთში Nestle-ს ჰყავს 7 ათასზე მეტი თანამშრომელი. ეს არის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ტერორისტული სახელმწიფოს ეკონომიკისთვის“, - ნათქვამია ცნობაში.

უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ შვეიცარიულ კომპანიას არ გამოუქვეყნებია მონაცემები რუსეთში 2022 წლისთვის გადასახადების გადახდის შესახებ. სააგენტო ვარაუდობს, რომ ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს „საერთაშორისო ზეწოლის“ თავიდან აცილების სურვილით.

ამჟამად უკრაინული „ომის საერთაშორისო სპონსორების“ სიაში შედის 45 კომპანია 15 ქვეყნიდან (უმეტესად ჩინეთიდან - 12 და აშშ-დან - 7). ამ კომპანიებს შორისაა Sinopec, CNPC, PepsiCo, Philip Morris, Alibaba, Unilever, Mars და სხვა.

შარშან გაზაფხულზე Nestle-ს მენეჯმენტმა რუსეთის ბაზარზე კომპანიის საქმიანობის სრულად შეწყვეტის შესახებ მოწოდების საპასუხოდ განაცხადა, რომ პროდუქტებზე წვდომა არის ადამიანის ძირითადი უფლება და ის კომპანიისთვის საკვანძო მნიშვნელობის ღირებულებაა. პარალელურად Nestle-მ რუსეთში თავის საქმიანობაში სხვადასხვა შეზღუდვა დააწესა, კერძოდ, შეაჩერა ინვესტიციები და რეკლამა, ნათქვამია განცხადებაში.

Nestle-მ ასევე აღნიშნა, რომ მან 20 მილიონი შვეიცარიული ფრანკის ღირებულების პროდუქტები და შეწირულობები გაიღო უკრაინის ჰუმანიტარული ორგანიზაციებისა და უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად.

XS
SM
MD
LG