Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა დაამტკიცა კანონი ბირთვული გამოცდის ხელშეკრულების რატიფიცირების გაუქმების შესახებ


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2 ნოემბერს ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ბირთვული გამოცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის ხელშეკრულების რატიფიცირებას (CNTB) აუქმებს. შესაბამისი დოკუმენტი ხუთშაბათს გამოქვეყნდა სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე.

სახელმწიფო სათათბიროს სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის სახელით შემუშავებული კანონპროექტი რატიფიკაციის გაუქმების შესახებ პარლამენტს 13 ოქტომბერს წარედგინა. გარკვეული დროის შემდეგ, პროექტის დამტკიცებას ორივე პალატამ დაუჭირა მხარი.

ასეთ ნაბიჯზე წასვლის ინიციატივა ეკუთვნის თავად პუტინს. ოქტომბრის დასაწყისში ვალდაის სადისკუსიო კლუბის შეხვედრაზე პუტინმა აღნიშნა, რომ არ არის საჭირო რუსეთის ბირთვული დოქტრინის შეცვლა, მაგრამ შეიძლება ვიფიქროთ ბირთვული გამოცდების აკრძალვის ხელშეკრულების რატიფიცირების გაუქმებაზე. ამის მიზეზად პუტინმა დაასახელა ის გარემოება, რომ აშშ-მ 1996 წლის ამ შეთანხმებას ხელი მოაწერა, თუმცა მისი რატიფიკაცია არ განუხორციელებია.

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ნაბიჯი არ ნიშნავს იმას, რომ მოსკოვი აპირებს ბირთვული გამოცდების ჩატარებას.

  • ბირთვული გამოცდის აკრძალვის ყოვლისმომცველი შეთანხმების ორგანიზაციის (CTBTO) ხელმძღვანელმა რობერტ ფლოიდმა განაცხადა, რომ "ღრმად სამწუხაროა" რუსი კანონმდებლების ნაბიჯი ხელშეკრულების რატიფიკაციის გაუქმების შესახებ.
XS
SM
MD
LG