1 ნოემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ავრცელებს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი". მათი ცნობით, სხდომაზე განიხილეს მოსამართლე ნინო გიორგაძის უფლებამოსილების საკითხი.
როგორც ორგანიზაცია აცხადებს, იუსტიციის საბჭოს წევრებმა მიიღეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება: „ვინაიდან, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, როგორც წესი, ყველა იმ მოსამართლეს, რომლებიც 3-წლიან გამოსაცდელ ვადაში იმყოფებიან და არ ჰქონიათ იქამდე მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება, თანამდებობაზე ნიშნავს უვადოდ. თუმცა ნინო გიორგაძის შემთხვევაში საბჭომ სხვა გზა აირჩია".
„სასამართლოს გუშაგის“ შეფასებით, ნინო გიორგაძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დასაჯა იმის გამო, რომ ის არ იქცა ე.წ. კლანთან აფილირებულ მოსამართლედ, არ დაემორჩილა არსებულ არაფორმალურ იერარქიულ წესრიგს, რაც მას 3 წლის თავზე სამოსამართლო საქმიანობის შეწყვეტის ფასად დაუჯდა.
„ნინო გიორგაძესთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა, წარმოადგენდეს დამოუკიდებელი მოსამართლეების მიმართ ერთგვარ გაფრთხილებას და მინიშნებას", - აცხადებს ორგანიზაცია.
განცხადების თანახმად, გიორგაძეს 3 წლის განმავლობაში წარმოებაში ჰქონდა დაახლოებით 2100 საქმე. ორგანიზაციის შეფასებით, საქმეთა ამ რაოდენობის დაძლევა ნებისმიერი მოსამართლისთვის დიდი გამოწვევაა, განსაკუთრებით ისეთისთვის, რომელიც გამოსაცდელი ვადის ფარგლებში ახორციელებს უფლებამოსილებას.
„სასამართლოს გუშაგმა" განმარტა მოსამართლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების პროცედურა.
„ნინო გიორგაძე 2020 წლის დეკემბრიდან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში. ვინაიდან ის იმყოფებოდა 3-წლიან გამოსაცდელ ვადაში, საბჭოს წევრებმა შეაფასეს მისი საქმიანობა. შედეგად, მოსამართლის მიერ მოპოვებულმა ქულათა ჯამმა ვერ მიაღწია ქულათა მაქსიმალური რაოდენობის 70 პროცენტს. შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ნინო ქადაგიძის სამართლებრივი აქტით, მოსამართლე ნინო გიორგაძეს უარი ეთქვა თანამდებობაზე უვადოდ განწესების საკითხის განხილვაზე. ნინო გიორგაძემ აღნიშნული აქტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაასაჩივრა, თუმცა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მისი მოთხოვნა 1-ლ ნოემბერს გამართულ სხდომაზე არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო სხდომის მონაწილე საბჭოს ყველა (14-მა) წევრმა. აღსანიშნავია, რომ სხდომას არ ესწრებოდა იუსტიციის საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე. ამგვარი “ერთსულოვნება” გვაფიქრებინებს, რომ ის არ მიიჩნიეს გავლენიანი ჯგუფის მიმართ ლოიალურ მოსამართლედ და მიგვაჩნია, რომ მისი არდანიშვნის რეალური საფუძველიც ამ ფაქტორს უკავშირდება", - ნათქვამია განცხადებაში.