Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთს მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვი გაუგზავნა


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა (მარცხნივ) და კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შეხვედრა რუსეთის ქალაქ ციოლკოვსკის მახლობლად. 13 სექტემბერი, 2023.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა (მარცხნივ) და კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შეხვედრა რუსეთის ქალაქ ციოლკოვსკის მახლობლად. 13 სექტემბერი, 2023.

ჩრდილოეთმა კორეამ ბოლო სამი თვის განმავლობაში რუსეთს მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვი გაუგზავნა. ასეთია სამხრეთ კორეის დაზვერვის შეფასებები. ამის შესახებ სამხრეთ კორეელმა დეპუტატმა იუ სან ბომმა განაცხადა დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელთა მიერ პარლამენტარებისთვის ჩატარებული ბრიფინგის შემდეგ.

დეპუტატის თქმით, დაზვერვამ მთლიანობაში დააფიქსირა 10-ზე მეტი შემთხვევა კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკიდან რუსეთში ჭურვების მიწოდების შესახებ. ამისათვის გამოიყენებოდა სატრანსპორტო თვითმფრინავები და გემები. როგორც იტყობინებიან, ჭურვები შემდგომში რკინიგზით გადაჰქონდათ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც მათ ფრონტზე იყენებდნენ.

სამხრეთ კორეის დაზვერვის შეფასებით, 1 მილიონი ჭურვი საკმარისია უკრაინაში ორი თვის განმავლობაში აქტიური საომარი მოქმედებების საწარმოებლად.

სამხრეთ კორეის დაზვერვის თანახმად, ჭურვების სანაცვლოდ რუსეთმა, როგორც ჩანს, ფხენიანს გადასცა ტექნოლოგიები თანამგზავრების გასაშვებად. მაისსა და აგვისტოში გაშვება წარუმატებელი აღმოჩნდა.

იუ სან ბომის თქმით, დაზვერვა ასევე თვლის, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ეძებს შესაძლებლობებს, რათა პალესტინელთა რადიკალურ დაჯგუფება „ჰამასს“ დაეხმაროს ისრაელთან ომში. ადრე ისრაელის სამხედროებმა დაადასტურეს, რომ „ჰამასის“ მებრძოლები ჩრდილოეთ კორეის იარაღს იყენებენ.

ოფიციალურ სეულს დეპუტატის განცხადებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. მანამდე სამხრეთმა კორეამ და მისმა მოკავშირეებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, შეშფოთება გამოხატეს როგორც ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის საბრძოლო მასალის შესაძლო მიწოდების, ასევე რუსული სარაკეტო ტექნოლოგიების ჩრდილოეთ კორეისთვის გადაცემის შესახებ. ფხენიანმა უკრაინასთან ომში რუსეთს მხარდაჭერა გამოუცხადა, მაგრამ უარყო შეიარაღების მიწოდების შესახებ ინფორმაცია. მას მოსკოვიც უარყოფს.

XS
SM
MD
LG