საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ეხებოდა ენგურის ხიდის გავლით, რვა არაბის ოკუპირებულ აფხაზეთში შესვლის მცდელობას.
როგორც ანთაძემ თქვა, ამ შემთხვევაში საქმე ეხება ერაყის მოქალაქეებს. ანთაძის განცხადებით, ისინი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ლეგალურად იმყოფებოდნენ და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონაწილეობით, ოკუპირებული ტერიტორიიდან კვლავ უკან დააბრუნეს.
„როგორც თქვენთვის ცნობილია, პერიოდულად უცხო ქვეყნის მოქალაქეები კვეთენ საოკუპაციო ხაზს. ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვქონდა ერაყის მოქალაქეებთან. გააქტიურდა ევროკავშირის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი და შედეგად აღნიშნული პირები დაბრუნდნენ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ისინი საქართველოში იმყოფებიან აბსოლუტურად ლეგალურად. ასევე მოგახსენებთ, რომ ცენტრალური ხელისუფლება არ ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას, მათ შორის, საოკუპაციო ხაზზე, მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, შედგა კომუნიკაცია ცხელი ხაზის მეშვეობით და ინციდენტი არის ამოწურული", - თქვა ირაკლი ანთაძემ.
შეკითხვაზე, რამდენად უწყობს ხელს დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან მსგავსი განცხადებები ვითარების დესტაბილიზაციას, ირაკლი ანთაძემ თქვა, რომ არ გააკეთებს კომენტარს დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებებზე. მისივე ცნობით, ცხელი ხაზით წარმოებული კომუნიკაციის შედეგად, შესაძლებელი გახდა ერაყის მოქალაქეების უკან დაბრუნება და ისინი საქართველოში იმყოფებიან.
„ეხო კავკაზას“ კორესპონდენტის, ვიტალი შარიას ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ ენგურის ხიდზე დააკავეს რვა არაბი ლტოლვილი, რომლებიც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ცდილობდნენ აფხაზეთში შესვლას. შამბას თქმით, მათ უკან დაბრუნებაზე საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს შეუთანხმდნენ.