Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაგროვებითი პენსია დაბალრისკიან პორტფელში დარჩება - პარლამენტმა კანონი მიიღო


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, ყველა მოქალაქის დაგროვებითი პენსია ავტომატურად დარჩება დაბალრისკიან კატეგორიაში, თუ ისინი თავად არ გადაწყვეტენ პორტფელის შეცვლას. კანონის ასამოქმედებლად აუცილებელია საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერა.

ცვლილებების მიხედვით, ეს წესი ძალაში დარჩება 2028 წლის პირველ იანვრამდე. იგივე რეგულაცია იყო 2023 წლის სექტემბრამდე, სანამ არ ამოქმედდა "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონის ის რეგულაციები, რომლებიც ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით ანაწილებდა მოქალაქეებს სხვადასხვა პორტფელში.

"დაგროვებითი პენსიის შესახებ" მოქმედი კანონით, საპენსიო სააგენტო მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგს ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით ანაწილებს, თუ ისინი საკუთარი ნებით არ გადაიტანდნენ დანაზოგს სხვა პორტფელში.

  • 40 წლამდე დასაქმებულის საპენსიო თანხები გადანაწილდება "მზარდ" (მაღალრისკიან) საინვესტიციო პორტფელში;
  • 40 წლიდან 50 წლამდე დასაქმებულის - "შერეულ"(საშუალორისკიან) საინვესტიციო პორტფელში;
  • 50 ან 50-ზე მეტი წლის - "სტაბილურ" (ნაკლებად რისკიან) საინვესტიციო პორტფელში.

"ცვლილების თანახმად, დაგროვებითი პენსიის დღეს არსებული მოდელი, 2028 წლის პირველ იანვრამდე უცვლელი დარჩება და სქემის მონაწილე ყველა მოქალაქის დაგროვებითი პენსია ავტომატურად დაბალრისკიან პორტფელში მოხვდება. მოქალაქეებს მხოლოდ ინდივიდუალური გადაწყვეტილებით შეეძლებათ დანაზოგის საშუალო ან მაღალრისკიან პორტფელში გადატანა", - წერია პარლამენტის გავრცელებულ ინფორმაციაში.

კანონპროექტს 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

როგორია ნაკლებრისკიანი პორტფელი?

თითოეული მოქალაქის დაგროვებული თანხის ძირითადი ნაწილი საბანკო ანაბრებსა და ობლიგაციებში იდება, გლობალურ აქციებში კი - მხოლოდ თანხის 20 პროცენტი. ამის გამო ეს პორტფელი ყველაზე დაბალრისკიანად ითვლება.

ასე აბანდებდა სააგენტო შეგროვებულ თანხას გასული ხუთი წლის განმავლობაში. წლიური საშუალო მოგება 9,4 პროცენტი იყო, 5 წლის განმავლობაში, ჯამში, 52%. წლიური მოგება ინფლაციის გათვალისწინებით კი 2,17 პროცენტი გამოდის.

როგორია საშუალორისკიანი პორტფელი?

ამ პორტფელში, ნაკლებად რისკიანი პორტფელისგან განსხვავებით, იზრდება უცხოური კომპანიების აქციებში ჩადებული თანხის მოცულობა (20-დან 40 პროცენტამდე).

როგორია მაღალრისკიანი პორტფელი?

ამ შემთხვევაში დაგროვებული თანხის დიდი ნაწილი (60%) უცხოური კომპანიების აქციებში ჩაიდება.

"აქციების ფასის შესაძლო მერყეობის გამო ამ პორტფელს თან ახლავს შედარებით მაღალი რისკიც... ეს პორტფელი უკეთ შეეფერებათ ისეთ ადამიანებს, ვისაც უყვართ რისკის აღება და ამის ხარჯზე სურთ მაღალი მოგების მიღება გრძელ ვადაში. ასეთები ხშირად არიან ახალგაზრდები, რომელთაც საპენსიო ასაკამდე რამდენიმე ათწლეული აშორებს", - წერია საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე.

აქვე აღნიშნულია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში გლობალურ აქციებში ინვესტირება კაპიტალის ზრდის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, თუმცა არსებობს რისკებიც, განსაკუთრებით მოკლევადიან პერიოდში.

ამის მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს კოვიდპანდემია, რა დროსაც მსოფლიო ფინანსურ ბირჟებზე მნიშვნელოვანი რყევები მოხდა და ინვესტორების დიდმა ნაწილმა იზარალა.

როგორ გროვდება თანხა სხვადასხვა პორტფელში გადატანის შემთხვევაში?

საპენსიო სააგენტოს გამოთვლილი აქვს, როგორ შეიცვლება დაგროვებული თანხის მოცულობა თანხის ნაკლებრისკიან, საშუალორისკიან ან მაღალრისკიან პორტფელში განთავსების შემთხვევაში. მაგალითად, თუ მოქალაქე ყოველთვიურად იღებს 1310 ლარს, მისი საპენსიო შენატანი 100 ლარია. 35 წლის შემდეგ სხვადასხვა პორტფელის მიხედვით, სხვადასხვა ოდენობის თანხა დაგროვდება: :

  • ნაკლებრისკიანის შემთხვევაში - 143 000 ლარი დაგროვდება;
  • საშუალორისკიანის შემთხვევაში - 164 000 ლარი;
  • ​მაღალრისკიანის შემთხვევაში კი - 185 000 ლარი.
XS
SM
MD
LG