გაეროს სააგენტომ განაცხადა, რომ აქვს „საკმარისი საფუძველი“ იფიქროს, რომ რაკეტა, რომელმაც თვის დასაწყისში უკრაინის დაბა გროზაში, კაფეში მყოფი 59 ადამიანი მოკლა, რუსეთის არმის მიერ იქნა გაშვებული. ამავე ცნობით, არ არის არავითარი ნიშანი იმისა, რომ თავდასხმის მომენტში მახლობლად იყვნენ სამხედროები ან სხვა კანონიერი სამხედრო სამიზნეები.
გაეროს ადამიანის უფლებების უწყების ანგარიში 31 ოქტომბერს გავრცელდა. მასში ნათქვამია, რომ უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებების მისიის მიერ შეგროვებული და შემოწმებული ინფორმაციის თანახმად, „რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ან არ გააკეთეს ყველაფერი იმის დასადგენად, რომ საქმე არ ეხებოდა სამხედრო ობიექტს, ან განზრახ აირჩიეს სამიზნედ სამოქალაქო პირები, ან სამოქალაქო ობიექტი“.
„59 დაღუპული სამოქალაქო პირები იყვნენ, ისინი არ მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებაში და ამის გამო თავდასხმა 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ცალკეული ინციდენტია სამოქალაქო მოსახლეობის შემთხვევაში", - წერია ანგარიშში.
5 ოქტომბერს ხარკოვიდან 85 კილომეტრში მდებარე დაბა გროზაში კაფეზე თავდასხმას 59 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის იყო ერთი ბავშვი.
კაფეში იმართებოდა გროზის მკვიდრის, ომში დაღუპული სამხედროს ქელეხი. გროზის კაფეზე თავდასხმა წელს უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობაზე რუსეთის ჯარის ყველაზე სისხლიანი თავდასხმა იყო.