Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იოსელიანის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის ქალი პოლიტიკოსების მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს


სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის გამოხმაურება მოჰყვა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქალ დეპუტატთა მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს.

„ქალი პოლიტიკოსების მიმართ დისკრიმინაციის გამაძლიერებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს დეტალურად სახალხო დამცველის აპარატი შეაფასებს და აუცილებლად აისახება ანგარიშში. აქ უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ როგორი რთული მოსასმენიც არ უნდა იყოს განსხვავებული აზრი, ქალებთან ამგვარი საუბარი ჩემთვის მიუღებელია. მსგავსი საუბარი არავის მატებს ღირსებას და მხოლოდ ქალთა მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ახალისებს“.

ურთიერთშეურაცხყოფა პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაიყო „ქართული ოცნების" დეპუტატის, ალუდა ღუდუშაურის სიტყვით გამოსვლის დროს, როცა ის აკრიტიკებდა „გირჩის" ლიდერს, იაგო ხვიჩიას, რომელმაც თქვა, რომ როცა დეპუტატებს სააკაშვილთან შესვლის უფლებას არ აძლევენ, „ირღვევა როგორც პატიმრის, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრების უფლებები". ალუდა ღუდუშაურს დეპუტატმა ანა წითლიძემ „დებილი" უწოდა.

„შენ ხარ ბანძი ადამიანი, ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ... იმ ქალების ჩამონათვალშიც ვერ ჯდები, ვისაც სააკაშვილი ევასებოდა და დაწყნარდი და წადი აქედან. წადი, შე ბანძო, გაიარე... ფარჩაკი, ბანძი", - მიმართავდა ალუდა ღუდუშაური ანა წითლიძეს.

დარბაზში კოლეგების შეურაცხყოფა მას შემდეგ გაგრძელდა, რაც სიტყვით გამოვიდა ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია. მას თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ „უსინდისო" და „სამარცხვინო მატყუარა" უწოდა.

„რეალურად, აქ არაა სახელმწიფო ინტერესებზე ფიქრი ან ოკუპაციაზე წუხილი. რეალური მიზეზი, რის გამოც ქალბატონი აქუბარდია ყოველთვის, ბოლო ერთი წელია, მოიხსენიებს ჩვენს კომიტეტს და მეც არც თუ ისე სახარბიელოდ, ისაა, რომ მას არ ეძლევა სხვადასხვა პლატფორმის დეზინფორმაციის მიზნით გამოყენების, ასევე მისნაირებთან და ვიღაც-ვიღაცებთან სელფების გადაღების და „გაფეისბუქების" საშუალება, აეროპორტების „ლაუნჯებში" შესვლის, იქ გასკდომის და გამოთრობის, გაშხლართვის საშუალება. ვინც იცნობს, კარგად მიხვდება, რაზე ვსაუბრობ. მოვუწოდებ ამ ადამიანს, მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით ჩემი და ჩემი კომიტეტის ხსენებისგან თავი შეიკავოს", - თქვა ბერაიამ აქუბარდიაზე.

ირაკლი ბერაიას განცხადებას დარბაზში ოპოზიციის პროტესტი და ხმაური მოჰყვა.

„ქართული ოცნების" დეპუტატს ფეისბუკის პირად გვერდზე გამოეხმაურა თეონა აქუბარდია.

„ის, რაც „ოცნების“ კაცუნამ ირაკლი ბერაიამ იკადრა ჩემს წინააღმდეგ, პატარა კაცობაც აღარ ჰქვია. სუს-ის მეთოდები არ გამაჩუმებს, მაშინ როცა მათი მთავრობის წევრი პუტინთან ერთად სადილობს და დარბაზში მის გამოსვლას ესწრება, მაშინ როცა პარლამენტის თავმჯდომარე დასავლეთის წინააღმდეგ დეზინფორმაციის ფლაგმანი ხდება და მაშინ, როცა რუსული ოკუპაცია „ოცნებას“ წინა ხელისუფლების მემკვიდრეობა ჰგონია და პასუხისმგებლობას ამით იცილებს თავიდან.

ამას, ალბათ, გაგრძელებაც მოჰყვება, მაგრამ სუს-ს და „ოცნებას“ ვეტყვი, რომ მათი არ მეშინია და ვერ გამაჩუმებენ!“- დაწერა თეონა აქუბარდიამ.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ის, როგორც სხდომის წამყვანი, პირადად იღებს შენიშვნას საკუთარ თავზე - რომ ამა თუ იმ პოლიტიკოსის სიტყვით გამოსვლა პიროვნულ შეურაცხყოფაზე არ გადავიდეს და მათ საუბარი დროულად შეაწყვეტინოს.

მოგვიანებით ირაკლი ბერაიამ ბოდიში მოიხადა, თუმცა კვლავ განაცხადა, რომ „სამარცხვინოდ ხდება" „ქართული ოცნების" დადანაშაულება.

„ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია და მძიმეა, როცა ჩვენს გუნდს, მე პირადად, გვდებენ ბრალს უსამართლოდ, უაპელაციოდ და უღირსად რუსეთის ინტერესების გატარებაში, მით უმეტეს, სისტემური ხასიათი აქვს ამას. ჩვენთვის ეს არის წითელი ხაზი, რომელსაც არასდროს შევეგუებით, რადგან კარგად ვიცით, რას ვაკეთებთ ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის.

როცა სამარცხვინოდ ხდება ჩვენი დადანაშაულება ეროვნული ინტერესების ხელყოფაში, კრემლთან კავშირში, ამაზე ყოველთვის გვაქვს მწვავე რეაქცია და ეს გამოსვლაც სწორედ მსგავსი ტიპის განცხადებაზე გამოხმაურებას ისახავდა მიზნად. მეორე ნაწილში გულწრფელად ვაღიარებ, რომ იყო გადაჭარბებული თვითონ იმ განცხადების სიმძიმიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ ვისმენდით და ამის გამო მინდა, ბოდიში მოვიხადო. სხვა კომენტარის გაკეთებას ამაზე არ ვაპირებ, ვფიქრობ, ყველაფერი გასაგებია", - განაცხადა ბერაიამ.

XS
SM
MD
LG