რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური აცხადებს, რომ დააკავა მოსკოვის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ იალტის მცხოვრები, პირი, რომელიც უწყებას უკრაინის პარლამენტის ყოფილ დეპუტატზე, იგორ ცარიოვზე, თავდასხმის კოორდინატორად მიაჩნია.
რუსეთის სააგენტოები, რომლებიც "ეფესბეს" ცნობას ეყრდნობიან, ამტკიცებენ, რომ დაკავებული დანაშაულს აღიარებს. მის ვინაობას არ ასახელებენ. "ეფესბეს" თანახმად, ის ზამთარში გადაიბირეს უკრაინის უშიშროების სამსახურებმა და მათი დავალებით დაიწყო ცარიოვზე თვალთვალის ორგანიზება, „შექმნა სამალავი განადგურების საშუალებებისთვის“. ცარიოვზე უშუალო თავდამსხმელი ჯერ არ არის დაკავებული.
"ეფესბე" თვლის, რომ „მოპოვებულია თავდასხმაში უკრაინის უშიშროების სამსახურის მონაწილეობის უდავო მტკიცებულება“. სპეცსამსახური მკვლელობის მცდელობის შედეგად დაჭრილი ცარიოვის მდგომარეობას დამაკმაყოფილებელს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ოლეგ ცარიოვის თანამოაზრეები ადრე აცხადებდნენ, რომ გაურკვეველი იყო, გადარჩებოდა თუ არა იგი. ჯერჯერობით უცნობია როგორც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე მისი მკვლელობის მცდელობის გარემოებები.
ოთხი დღის წინ გახდა ცნობილი, რომ ცარიოვს ანექსირებულ ყირიმში, იალტაში, 27 ოქტომბრის ღამეს დაესხნენ თავს. ცარიოვის ტელეგრამის არხზე მის ნათესავებზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის დაჭრეს კუთვნილი სანატორიუმის ტერიტორიაზე, იალტის ცენტრში. არსებული ინფორმაციით, მას ესროლეს.
"ეფესბემ" დაადასტურა ცარიოვის მკვლელობის მცდელობა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „სახელმწიფო ან საზოგადოებრივი მოღვაწის სიცოცხლის ხელყოფის“ მუხლით.
ოლეგ ცარიოვი არის უკრაინის პარლამენტის - „ვერხოვნა რადის“ - რამდენიმე მოწვევის დეპუტატი, პრორუსული „რეგიონების პარტიის“ ფრაქციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე. მან უკრაინა 2014 წელს დატოვა.
• ოლეგ ცარიოვი ბოლო ხანს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ცხოვრობდა და ხშირად მონაწილეობდა პოლიტიკურ ტოკშოუებში, მხარს უჭერდა რუსეთის ომს და მკაცრად აკრიტიკებდა უკრაინის ხელისუფლებას.
• უკრაინის სასამართლომ მას დაუსწრებლად მიუსაჯა 12-წლიანი პატიმრობა იმისთვის, რომ საჯაროდ უჭერდა მხარს უკრაინის სახელმწიფო საზღვრის შეცვლას და კონსტიტუციური წყობის დამხობას. ცოტა ხნის წინ, მან რუსეთის ხელისუფლებაც გააკრიტიკა იმის გამო, რომ მარიუპოლის აღდგენაზე მიგრანტები მუშაობენ, ადგილობრივ მოსახლეობას კი არ ასაქმებენ.