საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2023 წლის 9 თვეში ქვეყანამ ტურიზმიდან 3,3 მილიარდი დოლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო. ეს არის იმაზე მეტი, ვიდრე კორონავირუსამდე, 2019 წლის იმავე პერიოდში ჰქონდა ქვეყანას. შემოსავალი გაზრდილია გასულ წელთან შედარებითაც.
9 თვის მონაცემები:
- 2023 წლის - 3 251 651 900 აშშ დოლარი;
- 2022 წელთან შედარებით გაზრდილია 734 468 385 აშშ დოლარით (+29,2%);
- 2019 წელთან შედარებით გაზრდილია 668 812 328 აშშ დოლარით (+25,9%).
გარდა ამისა, ტურიზმის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ მესამე კვარტალში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და 1 447 121 966 აშშ დოლარი შეადგინა, 2022 წლის მესამე კვარტალთან შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 72 468 664 (+5,3%) აშშ დოლარით.
- 2019 წლის ზაფხულიდან, პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები ივნისში დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.
- 2023 წლის 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2 განკარგულება გამოსცა - 15 მაისიდან გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმი და მოხსნა 2019 წლიდან დაწესებული აკრძალვა ორ ქვეყანას შორის პირდაპირ ფრენებზე.