Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შემაშფოთებელია, როცა ქვეყანაში გყავს მტრის ენაზე მოლაპარაკე ადამიანები - ზურაბიშვილი რუსეთის მოქალაქეებზე


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ტელეკომპანია CBS-ის გადაცემა "60 წუთში" საქართველოზე მომზადებულ სიუჟეტში, რომელიც რუსეთის ოკუპაციას ეხება, საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების შესახებ საუბრობს.

სალომე ზურაბიშვილის კომენტარი მოსდევს სიუჟეტში განვითარებულ მსჯელობას, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთ-ერთ მიზეზად რუსულენოვანი მოქალაქეების დაცვა დაასახელა. უკრაინაში მიმდინარე ომის გამო საქართველოში რუსეთის ასი ათასი მოქალაქე ჩამოვიდა. ამ პროცესს სალომე ზურაბიშვილი „შემაშფოთებელს უწოდებს“.

„ძალიან შემაშფოთებელია, როდესაც შენს საკუთარ ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც მტრის ენაზე ლაპარაკობენ, იქცევიან და სჯერათ, რომ სახლში არიან. ეს ზღვარი უნდა შენარჩუნდეს, რომ მომავალში არ გვქონდეს ინციდენტები, რომლებიც რუსეთს თავისი საყვარელი დოქტრინის - რუსულენოვანი მოქალაქეების დაცვის გამოყენების საშუალებას მისცემს".

კითხვაზე, რატომ არ ამბობს უარს საქართველო რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შეშვებაზე, სალომე ზურაბიშვილი უპასუხებს, რომ ეს კითხვა ხელისუფლებას მიემართება: „მე არ მაქვს აღმასრულებლის ძალა, სამწუხაროდ“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება ევროინტეგრაციას, ჟურნალისტის კითხვაზე, არ ჩანს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაინტერესებული იყოს ევროკავშირში გაწევრიანებით, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ეს კითხვა - მართლაც არიან თუ არა დაინტერესებული - აქვს საქართველოს მთელ მოსახლეობას.

კითხვაზე, იგრძნობა თუ არა, რომ ამ კრიტიკულ დროს საქართველოს დასავლეთისა და შეერთებული შტატებისგან საკმარისი მხარდაჭერა აქვს, სალომე ზურაბიშვილი უპასუხებს.

„არ ვფიქრობ ასე და მოვიყვან ერთ კონკრეტულ მაგალითს: უკვე 5 წელია, პრეზიდენტი ვარ და ვერ შევძელი მქონოდა ნებისმიერი ფორმის შეხვედრა ჩემს დონეზე - პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის დონეზე, სატელეფონო ზარითაც კი. მესმის, რომ არის უფრო სასწრაფო საკითხები, მაგრამ, ვფიქრობ, საჭიროა მეტი საჯარო აღიარება ფაქტის, რომ აშშ მხარს უჭერს ჩვენს კანდიდატის სტატუსს ევროკავშირთან. ვიცი, რომ ეს არის ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ამერიკის ენა, მაგრამ ეს უნდა მეორდებოდეს უმაღლეს დონეზე. ეს მნიშვნელოვანი იქნებოდა საქართველოს მოსახლეობისთვის“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

სავარაუდოდ, ნოემბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.

გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.

16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა, რომ ევროკავშირის სამ ქვეყანაში მთავრობის თანხმობის გარეშე მოგზაურობით, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.

18 ოქტომბერს, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის კენჭისყრისას, საქართველოს პარლამენტში ვერ მოგროვდა 100 დეპუტატი, რომლებიც მხარს დაუჭერდნენ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას.

XS
SM
MD
LG