ფერეიდნელები ამბობენ, რომ კანონით მათ აქვთ უფლება, რომ თანამემამულის სტატუსის საფუძველზე გაიცეს ბინადრობის ნებართვა და შემდეგ საქართველოს მოქალაქეობაც მოითხოვონ, მაგრამ წუხან, რომ ყველა ასეთ მოთხოვნაზე ბოლო თვეებია, იუსტიციის სახლი მათ უარს ეუბნება. აქციის მონაწილეების თქმით, თანამემამულის სტატუსსა და ბინადრობის ნებართვაზე ბოლო თვეებში უარი 30-მდე ადამიანმა მიიღო.
ლექსო მაზნიაშვილი პროფესიით ინჟინერია და თბილისშიც ამ სპეციალობით მუშაობს. 7 წლის წინ ფერეიდანში ყველაფერი გაყიდა და ცოლთან და ორ შვილთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა საცხოვრებლად. მაშინ მას ბინადრობის ნებართვა მისცეს, თუმცა ამბობს, რომ ამ წლის აპრილში დოკუმენტი არ გაუგრძელეს.
"ვარ ქართველი და აქ მინდა ჩემს შვილებთან ერთად ვიცხოვრო. სახლი ვიყიდეთ, მანქანაც. საშიში ხარ საქართველოსთვისო. ქართულად ვსაუბრობ და ვკითხულობ მე, მეუღლე და ბავშვებიც. ეს 7 წელი სულ საქართველოში ვარ, ერთი თვეც არ ვყოფილვარ ირანში. იუსტიციის სამინისტროს უარი სასამართლოშიც გავასაჩივრე, 4 500 დოლარი დამიჯდა და საქმე მოვიგე კიდეც, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც უარი მითხრა სამინისტრომ ბინადრობის ნებართვაზე", - ამბობს ლექსო.
იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქციაზე თანამემამულის სტატუსსა და ბინადრობის ნებართვას ითხოვს 32 წლის სანდრო გუგუნაშვილიც. ის ერთი წელია, საქართველოში ჩამოვიდა და აქ სწავლის გაგრძელებას და მუშაობის დაწყებას გეგმავს.
"ჩვენ ისეთი პატრიოტები ვართ. ბავშვობიდან ვიცოდით, რომ უნდა ჩამოვსულიყავით საქართველოში. ჩვენც მოვიგეთ საქმე სასამართლოში, მაგრამ იუსტიციიდან ისევ უარი მოგვივიდა. ორჯერ და სამჯერ უნდა მივიდეთ სასამართლოში, რაც ხარჯებთანაცაა დაკავშირებული", - ამბობს სანდრო.
მისი ძმა კახაც, რომელმაც წლების წინ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, აქციაზე ახლობლების მხარდასაჭერად მივიდა.
"როცა ვხედავ ჩემს ახლობლებს ასეთი პრობლემა აქვთ, თვალებში ნაცარს ვერ შევიყრი. ჩვენი წინაპრები გადაასახლა შაჰ აბასმა, ახლა ხელახლა მისი საქმის გაგრძელება დაიწყეს. ძალიან რთულია გადმოსახლება - იქ სამსახურს თავი უნდა დავანებოთ, თუ ქონება გვაქვს, უნდა გავყიდოთ. ყველას უარი მოსდის. დასაბუთება მაინც ხომ უნდა ერთოდეს უარს, რისთვის ეუბნებიან უარს", - ამბობს კახა.
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის "ა" და "გ" ქვეპუნქტებში წერია, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლებია:
- ა) არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ;
- გ) იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.
როგორც წესი, სახელმწიფო უწყებები დამატებით არ განუმარტავენ აპლიკანტებს, რის საფუძველზე ეუბნებიან უარს.
ფერეიდნელები ირანის ფერეიდნის მხარეში მცხოვრები ქართველები არიან, რომლებიც 1616 წელს სამშობლოდან გადაასახლეს. მათმა ნაწილმა, ძირითადად ფერეიდანში დასახლებულმა ქართველებმა, ქართული ენა და ზოგიერთი ტრადიცია შეინარჩუნეს და საქართველოში ეტაპობრივად ბრუნდებიან.
რადიო თავისუფლება კომენტარისთვის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაუკავშირდა. მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.