Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში უსაფრთხოების გამკაცრებული ზომების ფონზე დაკრძალეს მორალის პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ დაღუპული გოგო


არმიტა გარავანდი
არმიტა გარავანდი

29 ოქტომბერს თეირანში უსაფრთხოების გამკაცრებული ზომების ფონზე დაკრძალეს 17 წლის არმიტა გარავანდი, რომელმაც სასიკვდილო დაზიანებები, სავარაუდოდ, მიიღო მორალის პოლიციასთან ჰიჯაბის წესების დარღვევის გამო მომხდარ დაპირისპირებაში.

დაუდასტურებელი ცნობებით, დაკრძალვაზე დააკავეს რამდენიმე პირი, მათ შორის გარავანდის ორი ნათესავი.

სამოქალაქო უფლებების აქტივისტმა რეზა ხანდანმა რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს უთხრა, რომ დაკრძალვაზე სცემეს და დააკავეს მისი ცოლი, ადამიანის უფლებების ცნობილი დამცველი ნასრინ სოტოუდე. "რამდენიმე მონაწილე დააკავეს და სცემეს. მათ შორის იყო ნასრინიც", - თქვა ხანდანმა სატელეფონო საუბარში თეირანიდან. მისი თქმით, დაკავებულთა ნაწილი შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა სხვები, მისი ცოლის ჩათვლით, კვლავ პატიმრობაში რჩებიან. ხანდანის თქმით, მას ცოლთან დაკავშირების საშუალება არ აქვს.

ნასრინ სოტოუდე სხვა დროსაც დაუპატიმრებიათ, ოპოზიციის აქტივისტების, მათ შორის თავსაბურავის გარეშე გამოჩენისთვის დევნილი ქალების დაცვის შემდეგ.

სოციალური მედიით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს ადამიანთა ჯგუფები - ქალებიც და კაცებიც - რომლებიც დაკრძალვის ცერემონიას ესწრებიან.

ირანის სახელმწიფო მედიამ გარავანდის გარდაცვალების ცნობა გაავრცელა 28 ოქტომბერს, თითქმის ერთ თვეში მას შემდეგ, რაც გოგო თეირანის მეტროში დაეცა და კომაში ჩავარდა. გარავანდს მეტროში მორალის პოლიცია დაუპირისპირდა, რადგან არმიტა გარავანდი ჰიჯაბის გარეშე იყო.

XS
SM
MD
LG