Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი: გაეროს ნაცვლად ახალი ორგანიზაცია უნდა შეიქმნას


აშშ-სა და ჩეხეთის თავდაცვის მინისტრები ლოიდ ოსტინი და იანა ჩერნოხოვა პრაღაში. 2022 წელი
აშშ-სა და ჩეხეთის თავდაცვის მინისტრები ლოიდ ოსტინი და იანა ჩერნოხოვა პრაღაში. 2022 წელი

ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი იანა ჩერნოხოვა მწვავედ აკრიტიკებს გაეროს ისრაელის წინააღმდეგ მოქმედებისთვის და უუნარობისთვის, აამოქმედოს ელემენტარული პრინციპები. ჩერნოხოვას განცხადებები მოჰყვა გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე 27 ოქტომბერს დამტკიცებულ რეზოლუციას, რომელიც მოიცავს მოწოდებას ღაზის სექტორში „ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის დაუყოვნებელ, მტკიცე და მდგრად შეწყვეტაზე".

ჩეხი მინისტრის „X-ზე" (ყოფილი ტვიტერი) გაეროს თემასთან დაკავშირებული არაერთი განცხადებაა გამოქვეყნებული.

„სამწუხაროდ, უკრაინასა და ისრაელში ომებმაც კი სრულებით ვერ შეცვალეს გადაწყვეტილებების მიღებისა და ფუნქციონირების პროცესი გაეროში... და რა უნდა გავაკეთოთ? ხელი დავაქნიოთ და თავი მოვაჩვენოთ, რომ არაფერი ხდება? თუ დავარქვათ საგნებს თავიანთი სახელი?“ - ვკითხულობთ ტექსტში, რომელიც 29 ოქტომბერს გამოქვეყნდა. მასში ასევე მითითებულია, რომ გაერო ვერ ასრულებს თავისივე წესდების მე-6 მუხლს, რომლის მიხედვითაც, ხელშეუხებელია წევრი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა და პოლიტიკური დამოუკიდებლობა.

„ირანი მუდმივად ემუქრება ისრაელს და არაფერი ხდება... რუსეთმა გააჩაღა ომი უკრაინაში, პუტინი სახეში უცინის ყველას და, უკვე მეორე წელია, აგრძელებს სრულიად უდანაშაულო ადამიანების დახოცვას. გაეროსთვის კი მნიშვნელობა არა აქვს“, - იანა ჩერნოხოვა პრობლემად თვლის, რომ გაეროში რუსეთსა და ჩინეთს ვეტოს გამოყენებით ნებისმიერი გადაწყვეტილების დაბლოკვა შეუძლიათ.

„და რაღა დაგვრჩენია? უნდა შევქმნათ თანამედროვე პრინციპებზე დაფუძნებული ახალი საერთაშორისო ორგანიზაცია, რათა დიქტატორებმა და ტერორისტების სპონსორებმა ვეტოს უფლება ვერ გამოიყენონ“, - ასეთია ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის პოზიცია.

მანამდე იყო მოწოდება გაეროს პლატფორმის დატოვების შესახებაც, როცა მინისტრმა სოციალურ ქსელში შეაფასა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ დამტკიცებული რეზოლუცია. ამ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა 14-მა ქვეყანამ და მათ შორის - ჩეხეთის რესპუბლიკამ.

„მრცხვენია გაეროს გამო. ჩემი აზრით, ჩეხეთის რესპუბლიკა არაფერს უნდა მოელოდეს ორგანიზაციისგან, რომელიც მხარს უჭერს ტერორისტებს და პატივს არ სცემს თავდაცვის ფუნდამენტურ უფლებას. მოდით, გავიდეთ [გაეროდან]“, - დაწერა ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა „X-ზე" 28 ოქტომბერს.

ისრაელმა სამარცხვინო უწოდა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 28 ოქტომბერს დამტკიცებულ რეზოლუციას.

იორდანიის მიერ ინიციირებულ რეზოლუციას, 27 ოქტომბერს მხარი 120-მა ქვეყანამ დაუჭირა. მათ შორის არის რუსეთიც. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა 14-მა ქვეყანამ, მათ შორის - აშშ-მა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა 45-მა სახელმწიფომ. მათ შორის არის საქართველო.

გაეროში ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გილარ ერდანმა განაცხადა, რომ გაეროს ლეგიტიმაცია აღარ აქვს, რომ ისრაელი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე "ჰამასთან" და არ დაელოდება მის შემდგომ ბოროტებას.

ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყება ისრაელმა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის დამტკიცების შემდეგ გააფართოვა. თავდაცვის ძალები ღაზის სექტორს უტევენ როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო გზით. ისრაელის არმიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში "ჰამასის" 450 ობიექტი დაიბომბა და სახმელეთო ძალა ღრმად შეიჭრა ღაზის სექტორის ტერიტორიაზე.

გაეროს რეზოლუციას „სამარცხვინო“ უწოდა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა და განაცხადა, რომ „ისრაელს გადაწყვეტილი აქვს, გაანადგუროს "ჰამასი" ისევე, როგორც "მსოფლიო ნაცისტებს და ისლამურ სახელმწიფოს გაუსწორდა“.

პალესტინელთა რადიკალური მოძრაობა "ჰამასს" ისრაელმა ომი მას შემდეგ გამოუცხადა, რაც 7 ოქტომბერს "ჰამასმა" ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, ხოლო შეიარაღებული ჯგუფები ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ. ცნობების თანახმად, იმ დღეს ისრაელში 1400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, "ჰამასმა" ასეულობით ადამიანი მძევლად აიყვანა და ღაზის სექტორში გადაიყვანა. ისრაელის მხარის ინფორმაციით, მათ შორს 30 ბავშვია.

XS
SM
MD
LG