ყაზახეთის ცენტრალურ რეგიონში, მაღაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა, - აცხადებს ქვეყნის ხელისუფლება 28 ოქტომბერს და დასძენს, რომ კიდევ 14 ადამიანი დაკარგულად ითვლება.
ყარაღანდის რეგიონის კოსტენკოს მაღაროში 252-მდე ადამიანი იმყოფებოდა, როცა ხანძარი გაჩნდა, - აცხადებს მაღაროს ოპერატორი კომპანია ArcelorMittal-ი, რომელიც მსოფლიოში ფოლადის სიდიდით მეორე მაწარმოებელია.
ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ, ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა თავის მთავრობას უბრძანა დაასრულოს "საინვესტიციო თანამშრომლობა" ფოლადის მაწარმოებელ ამ გიგანტურ კომპანიასთან, და მფლობელობა დაამყაროს კომპანიის ადგილობრივ წარმომადგენლობაზე, ArcelorMittal Temirtau-ზე.
ArcelorMittal-მა - რომელიც ყაზახეთში ათამდე მაღაროს ამუშავებს - დაადასტურა, რომ ხელი მოაწერა ქვეყანაში მისი სამუშაოს ნაციონალიზაციას.
ყაზახეთის გენერალური პროკურორის ოფისმა გამოაცხადა გამოძიების დაწყებაზე კოსტენკოს მაღაროში უსაფრთხოების ზომების შესაძლო დარღვევის გარშემო.
მიმდინარე წელს ეს მეორე ინციდენტია ყაზახეთში ArcelorMittal-ის ობიექტებზე - აგვისტოში იმავე რეგიონში ხუთი მაღაროელი დაიღუპა ავარიის შედეგად.
რესურსებით მდიდარი ყაზახეთის მთავრობის წარმომადგენლები ArcelorMittal-ს ხშირად სდებდნენ ბრალს უსაფრთხოების და გარემოს დაცვის წესების დარღვევაში.