ისრაელმა 28 ოქტომბერს განაცხადა, რომ ღაზაში აფართოებს სახმელეთო ოპერაციას, რომელშიც მონაწილეობენ ჯარისკაცები, დაჯავშნილი მანქანები და რომელსაც ზურგს უმაგრებს "მასშტაბური" დარტყმები ჰაერიდან და ზღვიდან. იბომბება ჰამასის გვირაბებიც - ისინი წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს ოპერაციისა, რომელიც ხორციელდება ტერიტორიის მმართველი ძალის, "ჰამასის" გაუვნებელყოფის მიზნით, მას მერე, რაც ჯგუფის მეომრები სამი კვირის წინ სამხრეთ ისრაელში შეიჭრნენ.
ისრაელის არმიამ გაავრცელა ფოტოები სატანკო კოლონებისა, რომლებიც ნელა გადაადგილდებიან ღაზის ღია სივრცეებში და განაცხადა, რომ საბრძოლო თვითმფრინავებმა დაბომბეს "ჰამასის" ათობით გვირაბი და მიწისქვეშა ბუნკერი.
სამხედრო ოპერაციის ეს ეტაპი დაიწყო პარასკევს, გვიან საღამოს - დაბომბვის შედეგად ღაზაში გაითიშა საკომუნიკაციო ქსელები და 2,3 მილიონი ადამიანი გარესამყაროსთან კონტაქტის გარეშე დარჩა.
საინტერენეტო და სატელეფონო ქსელების გათიშვა დამატებით დარტყმას აყენებს სამედიცინო და ჰუმანიტარულ სისტემებს, რომლებიც, როგორც ჰუმანიტარული სფეროს წარმომადგენლები აცხადებდნენ, ისედაც კოლაფსის პირას იყო, ისრაელის მხრიდან ერთკვირიანი ბლოკადის შედეგად. 1,4 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა სახლები, მათი დაახლოებით ნახევარი იმყოფება გაეროს სკოლებში და თავშესაფრებში. ჰუმანიტარული სააგენტოების თანამშრომელთა თქმით, დახმარება, რომლის ეგვიპტიდან შეტანის ნებართვაც ისრაელმა გასცა, ძალიან მცირე ნაწილია იმისა, რისი მწვავე საჭიროებაცაა ღაზაში შექმნილი.