რუსეთის ძალებმა 27 ოქტომბერს დაბომბეს უკრაინის ქალაქ ხერსონის ცენტრი, რასაც მოჰყვა რამდენიმე პირის დაშავება და 12-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსის დაზიანება, - აცხადებს ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
რომან მროჩკო ტელეგრამით წერს, რომ ერთ-ერთი დაჭრილი საავადმყოფოში წაიყვანეს სამკურნალოდ. მროჩკომ გამოაქვეყნა ფოტოებიც, რომლებიც ასახავს ნანგრევებით სავსე სამ ადგილს.
უკრაინის საგანგებო ვითარებათა სახელმწიფო სამსახური აცხადებს, რომ ხერსონის ცენტრი მიზანში ამოიღეს საღამოს და "მთელი ქალაქი ზანზარებდა". მაშველებმა გადაარჩინეს ორი ქალი, ერთ-ერთი მათგანი 80-მდე წლის ასაკის, რომლებსაც შენობიდან გაქცევა არ შეეძლოთ. მაშველებმა ასევე ჩააქრეს ხანძარი, - იუწყება სამსახური ტელეგრამით.
ქალაქი ხერსონი, რომელიც ერთი წლის წინ ნაწილობრივ გაათავისუფლეს უკრაინის სამხედროებმა, სისტემატურად ხდება რუსეთის ცეცხლის სამიზნე, მდინარე დნეპრის მეორე ნაპირიდან.
ბოლო კვირებში შეტაკებები განსაკუთრებით ინტენსიური იყო ავდეევკასთან, სადაც, როგორც უკრაინის არმიის წარმომადგენლებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, უკრაინის ძალებმა წარმატებით მოიგერიეს შეტევები.