Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სამიტზე ლიდერთა უმეტესობამ დაუჭირა მხარი კიევისთვის ახალი დახმარების გამოყოფას


ურზულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი
ურზულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკავშირის ლიდერების უმეტესობამ ბრიუსელის სამიტზე მხარი დაუჭირა რუსეთის სამხედრო შეჭრის წინააღმდეგ უკრაინისთვის მეტი ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფას. ამავე დროს, გარკვეული შენიშვნები ჰქონდათ უნგრეთსა და სლოვაკეთს, რომელთა მთავრობების ხელმძღვანელები მხარს უჭერენ მოსკოვთან კონტაქტების შენარჩუნებას. როგორც Reuters-ი წერს, საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერებმა დეკემბერში უნდა მიიღონ.

ევროკომისია დაჟინებით მოუწოდებს, რომ ბლოკის 27-მა წევრმა ქვეყანამ თავიანთი ბიუჯეტების გადახედვის პროცესში 2027 წლამდე უფრო გაზარდონ ხარჯვითი ნაწილი. ბრიუსელის გეგმების თანახმად, ევროკავშირმა კიევს უნდა გადასცეს დაახლოებით 50 მილიარდი ევრო, გარდა იმ თითქმის 83 მილიარდისა, რომელიც უკრაინამ რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ უკვე მიიღო.

ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს, ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ ევროკომისია მუშაობს წინადადებაზე, რომელიც გაყინული რუსული სახელმწიფო აქტივებიდან მიღებული მოგების ნაწილის უკრაინის დასახმარებლად და ქვეყნის ომისშემდგომი აღდგენისთვის გამოყენებას ითვალისწინებს.

ევროკომისიის ხელმძღვანელის თქმით, ევროკავშირის ტერიტორიაზე დაბლოკილი ამ ფინანსური რესურსებიდან შემოსავლის გამოყენების ვარიანტები მალე იქნება წარმოდგენილი.

Financial Times-ი დასძენს, რომ საუბარია სულ მცირე 3 მილიარდ ევროზე. რუსული აქტივების გამოყენებით სწორედ ამ ოდენობის თანხა გამოიმუშავა მიმდინარე წლის 9 თვეში Euroclear-მა, ფასიანი ქაღალდების დეპოზიტარმა, რომლის სათავო ოფისი ბრიუსელში მდებარეობს.

ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ სუვერენული რუსული აქტივების მოცულობა, რომელიც უკრაინაზე თავდასხმის სანქციების ფარგლებში გაიყინა, ამ დროისთვის 211 მილიარდი ევროა. ევროკომისიის ხელმძღვანელმა გაიხსენა ევროპული ბლოკის უკვე შეთანხმებული პოზიცია, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ მოსკოვმა უკრაინის აღდგენისთვის საფასური უნდა გადაიხადოს.

XS
SM
MD
LG