Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინიცაში აიკრძალა რუსულენოვანი სიმღერებისა და წიგნების საჯარო გამოყენება


ქალაქი ვინიცა
ქალაქი ვინიცა

დასავლეთ უკრაინის ქალაქ ვინიცაში მორატორიუმი გამოცხადდა რუსულენოვანი სიმღერების, ფილმებისა და წიგნების საზოგადოებრივ გამოყენებაზე, ასევე რუსულ ენაზე თეატრალური და საცირკო წარმოდგენების ჩვენებაზე. ამის შესახებ ქალაქის ხელმძღვანელმა სერგეი მორგუნოვმა განაცხადა.

"სიმბოლურია, რომ სხდომამ ეს გადაწყვეტილება 27 ოქტომბერს – უკრაინული დამწერლობისა და ენის დღეზე მიიღო. ამ საკითხებზე კომპრომისი არ შეიძლება. ომმა დაამტკიცა, რომ მეტყველება მნიშვნელოვანია", - წერს მორგუნოვი ტელეგრამის არხში.

ლვოვში "რუსულენოვანი კულტურული პროდუქტის" აკრძალვა 2018 წლიდან მოქმედებს. 2023 წლის ივნისში გახმაურდა ქალაქში ამ აკრძალვის დარღვევის ერთი შემთხვევა. კერძოდ, მოზარდმა ქუჩაში ვიქტორ ცოის სიმღერა შეასრულა, კანონდარღვევაზე მას მიუთითა სახალხო დეპუტატმა ნატალია პიპამ. მან მოუწოდა ახალგაზრდას, შეეწყვიტა რუსულენოვანი მუსიკოსის სიმღერების შესრულება, მაგრამ მოზარდი დეპუტატს სიტყვიერად დაუპირისპირდა. შედეგად, მოზარდი გადაიყვანეს პოლიციაში, სადაც მასთან აღმზრდელობით საუბარი გაიმართა.

ივლისში მსგავსი შეზღუდვები შემოიღეს უკრაინის დედაქალაქ კიევსა და კიევის რეგიონში. ამავე დროს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კრძალავს რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან წიგნების და სხვა საგამომცემლო პროდუქტების უკრაინაში იმპორტსა და გავრცელებას.

XS
SM
MD
LG