რუსეთი აქტიურად ზრდის სამხედრო პროდუქციის წარმოების შესაძლებლობებს თავის სამხედრო ქარხნებში. ლაპარაკია საწარმოებზე, რომლებშიც აწარმოებენ და არემონტებენ ტაქტიკურ და სტრატეგიულ თვითმფრინავებს, საბრძოლო ვერტმფრენებს, ასევე აწყობენ სამხედრო თვითმფრინავებსა და მართვად საბრძოლო მასალას. ამის შესახებ ნათქვამია რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის საგამოძიებო პროექტ "სქემის" ახალ გამოძიებაში.
სატელიტური სურათების ანალიზით, გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბევრ უკვე არსებულ რუსულ სამხედრო ქარხანაში შეიქმნა ახალი საწარმოო სახელოსნოები და ანგარები, ხოლო ზოგიერთი სამხედრო ქარხანა უკრაინაში ომის დაწყებიდან, როგორც იტყვიან, "ნულიდან" აშენდა.
ერთ-ერთია ყაზანის აეროპორტ „ბორისოგლებსკოეს“ მახლობლად მდებარე სახელმწიფო კორპორაცია „როსტეხის“ კუთვნილი საავიაციო ქარხანა. იქ აშენებენ და არემონტებენ არა მხოლოდ სამოქალაქო თვითმფრინავებს, არამედ სტრატეგიულ სამხედრო თვითმფრინავებს, რომლებითაც რუსეთი სარაკეტო იერიშებს ახორციელებს უკრაინის ტერიტორიაზე.
პირველად ჟურნალისტებმა ყურადღება გაამახვილეს ახალი ანგრის კადრებზე ტელეარხ "რუსეთი 1-ის" სიუჟეტში, რომელიც შეეხებოდა საწარმოში რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხეილ მიშუსტინის მისვლას. ეს იყო 2023 წლის ივნისში.
"სქემის" ჯგუფი ქარხნის ტერიტორიაზე ამ ანგრის აღმართვის პროცესს თვალყურს ადევნებდა Moxa Technologies-ისა და Planet Labs-ის სატელიტური სურათების გამოყენებით. პირველი სამშენებლო სამუშაოები 2018 წელს დაიწყო, მაგრამ 2022 წელს მშენებლობა დაჩქარდა და წელს, სატელიტური ფოტოების თანახმად, ანგარი თითქმის დასრულდა. მისი სიგრძე 300 მეტრია, ხოლო სიგანე 180-ზე მეტი.
ჯერ კიდევ 2016 წელს რუსეთმა შეიმუშავა სტრატეგიული ავიაციის მოდერნიზაციის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ძველი ტუ-160-ის თანამედროვე ტუ-160m2-ად მოდერნიზებას და აღჭურვას. მილიარდდოლარიანი სახელმწიფო პროგრამის თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი სპეციალურად გამოიყო ყაზანის საავიაციო ქარხნის შესაძლებლობების განვითარებისთვის.
საერთაშორისო გამოცემა The Military Balance-ის ცნობით, რუსეთის ფედერაციას 120-ზე მეტი გამანადგურებელი სუ-30 თვითმფრინავი აქვს.
ქარხანა აწარმოებს და არემონტებს გამანადგურებელ თვითმფრინავებს. ის მდებარეობს ქალაქის საზღვრებში და რუსეთის ახალ ამბებში მასზე ცნობა გამოჩნდა მას შემდეგ, რაც 2022 წლის ოქტომბერში სუ-30, რომელიც ქარხნის აეროდრომიდან აფრინდა, ირკუტსკში აეროდრომის შორიახლოს მდებარე საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა.
გარდა ამისა, არსებობს ინფორმაცია, რომ სამოქალაქო ავიაციის ურალის საავიაციო ქარხანაში რემონტდება ძრავები და რედუქტორები, რომლებიც შესაძლოა, გამოიყენებოდეს მი-2, მი-8, მი-24 და კა-52 ტიპის საბრძოლო შვეულმფრენებში.
ყველა ამ შვეულმფრენს რუსეთის არმია აქტიურად იყენებს უკრაინაში მიმდინარე ომში.
გარდა ამისა, ქალაქ დუბნაში არსებულ "კრონშტადტის" სახელობის მანქანათმშენებლობის ქარხანაში კეთდება რუსული სამამულო წარმოების "ორიონისა" და "ჰელისოსის" დამრტყმელი დრონები.
ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი იტყობინება, რომ რუსეთმა, სავარაუდოდ, უკვე დაიწყო ფრონტის ხაზზე ახალი Italmas-ის სახელით ცნობილი მოიერიშე დრონების გამოყენება, ირანული წარმოების Shahed-136/139-თან ერთად.
ამ დრონების მწარმოებელი ქარხანა არ არის მითითებული, მაგრამ ასეთი თვითმფრინავების პრეზენტაცია Italmas-ის ყოფილ სავაჭრო ცენტრში მოხდა.
სამხედრო ქარხნების ასეთ აქტიურ განვითარებას მთელ რუსეთში მრავალი ექსპერტი იმით ხსნის, რომ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა არ აპირებს ომის შეწყვეტას უახლოეს წლებში და, შესაბამისად, ასობით მილიარდ რუბლს ხარჯავს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებაზე.