Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალან გაგლოევმა ოკუპირებულ ახალგორში ახალი დე ფაქტო გამგებელი წარადგინა


ოკუპირებული ახალგორი. დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ახალგორის ე.წ. გამგებელი წარადგინა.
ოკუპირებული ახალგორი. დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ახალგორის ე.წ. გამგებელი წარადგინა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ახალგორის ე.წ. ადმინისტრაციის თანამშრომლებს რაიონის ახალი "ხელმძღვანელი" მურთაზ ვალიევი წარუდგინა, იუწყება დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახური. ვალიევმა ამ თანამდებობაზე ილარიონ გაგიევი შეცვალა.

ალან გაგლოევმა ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ახალგორში არსებული პრობლემებიც განიხილა. ის ესაუბრა რაიონის საბინაო-კომუნალური სამსახურების თანამშრომლებს, რომლებმაც უთხრეს, რომ დაახლოებით ექვსი თვეა, ხელფასი არ მიუღიათ და ოჯახების სარჩენი ფული აღარ აქვთ.

დე ფაქტო პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დაინტერესდა კონკრეტულად ამ საკითხით "ფინანსთა სამინისტროში", საიდანაც აცნობეს, რომ რაიონს არ ჰქონდა წარდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტაცია და ასევე არ ჰქონდა დახურული ანგარიშები ადრე მიღებულ ავანსებზე. თუმცა ალან გაგლოევმა დაარწმუნა კომუნალური სამსახურის თანამშრომლები, რომ ამ პრობლემის გადაჭრის გზას იპოვის.

დე ფაქტო პრეზიდენტი ახალგორში საშვთა გაცემის საკითხითაც უკმაყოფილოა. გაგიევის გათავისუფლების მიზეზად ეს ვერსიაც სახელდება. გაგლოევის თქმით, ახალგორში ბოლო ვიზიტის შემდეგ მან რამდენჯერმე გადაამოწმა იმ პირთა სია, რომლებზეც გაიცა საშვები და ბევრთან დაკავშირებით გაუჩნდა კითხვები. ამასთან, მათ, ვისაც რეალურად აქვს საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის უფლება, ამაზე უარი ეთქვათ.

„არ შეიძლება ხალხის მოტყუება. როცა დაპირებებს აძლევ, უნდა შეასრულო. ამ საკითხში შეუძლებელი არაფერია, უბრალოდ პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეთ. ჩვენი უპირველესი და უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, გავუადვილოთ ჩვენ მოქალაქეებს ცხოვრება“, - განაცხადა ალან გაგლოევმა.

რაც შეეხება ახალდანიშნულ ხელმძღვანელს, მურთაზ ვალიევი 2012 წლიდან 2016 წლამდე, ლეონიდ თიბილოვის ე.წ. პრეზიდენტობის პერიოდში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. ის მილიციის გენერალ-მაიორია.

რადიო თავისუფლების ახალგორელი წყაროს ცნობით, ვალიევს ახალგორის რაიონის სოფელ მოსაბრუნში ნათესავები ჰყავს და დიდ დროს ატარებდა მათთან სოფელში. ამიტომ მან ადგილობრივი პრობლემების და გამოწვევების შესახებ კარგად იცის.

მთავარ გამოწვევად კი ახალგორელებისთვის ისევ საშვების გაცემა რჩება. გარდა ამისა, ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტები ვალიევს მილიციაში მუშაობის პერიოდში ადამიანის უფლებების შელახვაში ადანაშაულებენ და გაგლოევის ამ საკადრო გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებენ.

წეროვანში განთავსებული ახალგორის გამგეობის ხელმძღვანელი გელა შერმადინი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ბოლო თვეების განმავლობაში დე ფაქტო ადმინისტრაციიდან მოქალაქეებისთვის საშვების გაცემა საერთოდ შეჩერებული იყო და ამის გამო ბევრ ადგილობრივს გადაადგილების პრობლემები ექმნებოდა.

ამჟამად რაზდახანის, იგივე მოსაბრუნის, ე.წ. გამშვები პუნქტი გახსნილია. ახალგორელებს და იქიდან დევნილ საშვის მფლობელ მოქალაქეებს კიდევ 4 დღით ექნებათ გადაადგილების საშუალება. ე.წ. გამშვები პუნქტი 30 ოქტომბერს დაიკეტება.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რაზდახანის (ოძისი/მოსაბრუნის) ე.წ. გამშვები პუნქტი 2019 წლის სექტემბერში ჩაკეტა და ახალგორის მოსახლეობა იზოლაციაში მოაქცია. მას შემდეგ გზა სულ რამდენჯერმე, განსაკუთრებული შემთხვევების გამო გაიხსნა. ანატოლი ბიბილოვი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში განთავსებული საპოლიციო საგუშაგოს აღებას მოითხოვდა, რადგან მიიჩნევდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს საგუშაგო ოკუპირებულ წნელისში განათავსა. დე ფაქტო პრეზიდენტმა ახალგორი ამ საგუშაგოს აღებამდე ჩაკეტა. ახალგორის მცხოვრებლებმა კი ბიბილოვის ამ გადაწყვეტილებას გასული წლის 10 აპრილის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში უპასუხეს - დაბაში მისმა კონკურენტმა ალან გაგლოევმა 4-ჯერ მეტი ხმა მიიღო. გაგლოევი წინასაარჩევნო შეხვედრისას ახალგორელებს შეჰპირდა, რომ თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, გზას გახსნიდა. ჯერჯერობით მისი პირობა თვეში მხოლოდ 10 დღით სრულდება.

XS
SM
MD
LG