სლოვაკეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ მისი მთავრობა არ შეუერთდება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, თუ ისინი მის ქვეყანას ზიანს მოუტანს.
ხელისუფლებაში ფიცოს მოსვლამდე, ბრატისლავა აქტიურად უჭერდა მხარს კიევს - აწვდიდა იარაღს და უერთდებოდა ევროკავშირის მხრიდან მოსკოვისთვის დაწესებულ ყველა შეზღუდვას.
თუ ფიცოს მთავრობა შეწყვეტს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, ამით სლოვაკეთი იქნება "ვიშეგრადის ოთხეულიდან" მეორე სახელმწიფო, უნგრეთის შემდეგ, რომელიც უარს ამბობს კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე. ჯგუფში ასევე შედიან პოლონეთი და ჩეხეთი.
"ჩემი მთავრობის პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ საომარი მოქმედებების დაუყოვნებელი შეწყვეტა წარმოადგენს საუკეთესო გადაწყვეტას, რომელიც მოგვეპოვება უკრაინისთვის", - თქვა ფიცომ პარლამენტის ევროპული კომიტეტის წინაშე გამოსვლაში. მისი თქმით, უმჯობესია, რუსეთმა და უკრაინამ "10 წლის განმავლობაში სამშვიდობო მოლაპარაკება აწარმოონ, ვიდრე 10 წლის განმავლობაში ერთმანეთი ხოცონ".
უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ ფიცოს სიტყვების პასუხად კრემლმა განაცხადა, რომ სლოვაკეთის პოზიცია კონფლიქტს, დიდი ალბათობით, არ შეცვლის. მოსკოვის შეფასებით, ბრატისლავა მხოლოდ მინიმალურ როლს ასრულებს უკრაინის არმიისთვის დასავლური იარაღის მიწოდებაში.