Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნდოდა [წარმატება] საკუთარ თავზე მიეწერა, იმპიჩმენტის პროცესმა ეს გეგმა ჩაუშალა - კობახიძე ზურაბიშვილზე


ფოტო არქივიდან: ირაკლი კობახიძე და სალომე ზურაბიშვილი
ფოტო არქივიდან: ირაკლი კობახიძე და სალომე ზურაბიშვილი

​მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უნდოდა, ქვეყნის წარმატება ევროინტეგრაციის კუთხით თავის ქმედებებს დაჰკავშირებოდა. ამ განცხადებამდე რამდენიმე კვირით ადრე, "ქართული ოცნების" წევრები ამბობდნენ, რომ ზურაბიშვილი ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებდა. სწორედ ამით ხსნიდნენ ისინი ბოლო დროს მთავრობისგან პრეზიდენტისთვის გაგზავნილ უარის წერილებს, რომლებიც შეეხებოდა საერთაშორისო ვიზიტების განხორციელებას.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 5-პროცენტიანი ბარიერია გათვალისწინებული. ოპოზიციის დიდი ნაწილი მის დაწევას ითხოვს.

"ის ცდილობდა რაღაცნაირად საკუთარ თავზე მიეწერა ის გადაწყვეტილება, რომელიც მწიფდება ევროკავშირში, თუმცა იმპიჩმენტის პროცესმა მას ეს გეგმა ჩაუშალა. ახლა რაღაცნაირად ცდილობს, რომ შემოაბრუნოს ეს პროცესი, თუმცა ეს ყველაფერი წარუმატებლობისთვის არის განწირული. ვიცით, რომ მას აქვს პოლიტიკური გეგმები. განიხილება მისი საარჩევნო პროცესში ჩართულობის საკითხი, განიხილება კანდიდატად ერთ-ერთი პარტიის შემადგენლობაში. ეს დადებითად აისახება ჩვენს საარჩევნო შედეგზე - რაც უფრო მეტი 2-3 პროცენტიანი პარტია შეიქმნება ასეთი პოლიტიკოსების მონაწილეობით, მით უკეთესი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გუშინ, 25 ოქტომბერს, პრეზიდენტის პოლიტიკურ გეგმებზე ილაპარაკა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე ძალიან მოწყენილია, რადგან მას უმთავრდება პრეზიდენტობის ვადა და მას უნდა პოლიტიკაში დარჩენა. მე ასე ავხსნიდი, რომ ყველაფერი ასე უკავშირდება მის ამ სურვილს – მას უნდა დარჩენა პოლიტიკაში, მისი აფილაცია, პირდაპირი კოორდინაცია და შეთანხმებული მოქმედებები ოპოზიციასთანაც მხოლოდ ამას ადასტურებს. მე მეტი კომენტარის გაკეთება აღარ მსურს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

1 სექტემბერს გახდა ცნობილი, რომ მმართველი პარტია იწყებდა საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას. საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის სახელით საკონსტიტუციო წარდგინება სასამართლოში 14 სექტემბერს შევიდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საკითხის განსახილველად და დასკვნის მოსამზადებლად კონსტიტუცია 1-თვიან ვადას აძლევდა. პრეზიდენტის იმპიჩმენტის პარლამენტში კენჭისყრაზე გასატანად აუცილებელი იყო სასამართლოს უარყოფითი დასკვნა (9 მოსამართლიდან 6-ის თანხმობა).

16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა, რომ ევროკავშირის სამ ქვეყანაში მთავრობის თანხმობის გარეშე მოგზაურობით სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.

18 ოქტომბერს, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის კენჭისყრისას, საქართველოს პარლამენტში ვერ მოგროვდა 100 დეპუტატი, რომლებიც მხარს დაუჭერდნენ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას.

კენჭისყრის წინ რეგისტრაცია გაიარა 90-მა დეპუტატმა, პრეზიდენტის იმპიჩმენტს მათგან მხარი დაუჭირა 86-მა, ერთი იყო წინააღმდეგი - დეპუტატი, რომელმაც ხმა არ მისცა სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს, ალეკო ელისაშვილია.

XS
SM
MD
LG