მიუხედავად აქტიური საომარი მოქმედებებისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების არარსებობისა, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები განაგრძობენ ერთმანეთთან კონტაქტს, რომელიც, ძირითადად, მიზნად ისახავს ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებას, მათ შორის პატიმრებისა და გარდაცვლილთა ცხედრების გაცვლას და რუსეთში გაყვანილი უკრაინელი ბავშვების უკან დაბრუნებას. ამის შესახებ The Washington Post-ი იუწყება, მოლაპარაკებების უკრაინელ მონაწილეებზე დაყრდნობით.
ზოგიერთ შემთხვევაში, მოლაპარაკებები იმართება შუამავლების, მათ შორის თურქეთის, ვატიკანის, ყურის სახელმწიფოებისა და "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" მონაწილეობით. ზოგჯერ რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები, მაგალითად, სტამბოლში პირისპირ ხვდებიან ერთმანეთს ან ტელეფონის საშუალებით ურთიერთობენ.
უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელმა დიმიტრი უსოვმა, რომელიც პატიმართა გაცვლის საკითხზე საკოორდინაციო ცენტრს ხელმძღვანელობს, დაადასტურა რუსეთთან საკომუნიკაციო არხების არსებობა.
ოლეგ კოტენკო კი, რომელიც დაღუპულთა ცხედრების გაცვლის შესახებ მოლაპარაკებებში ადრე უკრაინის ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო, ამბობს, რომ ამ ურთიერთობის შედეგად დაახლოებით 1700 ცხედარი დააბრუნეს უკრაინაში. რუსეთის ხელისუფლება ცხედრების გაცვლის სტატისტიკას არ ავრცელებს. გაცვლა, როგორც წესი, სუმის რეგიონში, რუსეთსა და უკრაინას შორის საზღვარზე ხდება, სადაც ამჟამად აქტიური საომარი მოქმედებები არ წარმოებს.
ვატიკანის შუამავლობით უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებს დატყვევებული მშვიდობიანი მოსახლეობის, მაგალითად, მზარეულების ან ექიმების გათავისუფლებაზე აწარმოებს. ამ მისიის შედეგები არ არის ცნობილი.
კატარი, თურქეთთან და საუდის არაბეთთან ერთად, შუამავლის როლს ასრულებს უკრაინიდან ბავშვების დაბრუნების საკითხში. უკრაინის „ვერხოვნა რადის“ ადამიანის უფლებათა კომისრის, დიმიტრი ლუბინეცის თქმით, ამ საკითხზე მისმა მოლაპარაკებებმა რუს კომისარ ტატიანა მოსკალკოვასთან, შედეგი არ გამოიღო.
თუმცა მიმდინარე წლის მარტიდან დაიწყო ბავშვების მცირე ჯგუფების დაბრუნება უკრაინაში, მათი მშობლებისა და მეურვეების რუსეთში ჩასვლის გარეშეც კი, რასაც ჩვეულებრივ მოითხოვს რუსეთის ხელისუფლება.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს შესაძლებელი გახდა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემის შემდეგ. ლუბინეცმა აღნიშნა, რომ დეტალებზე საუბრის დრო ჯერ არ არის.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერები ნიშნავს, რომ ამ სასამართლოს წევრ ნებისმიერ ქვეყანას (123 სახელმწიფოს), რომელთა ტერიტორიაზეც ფეხს დადგამენ პუტინი ან მარია ლვოვა-ბელოვა, აქვს მათი დაკავების და სასამართლოსთვის გადაცემის ვალდებულება.