Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საპატიმროში მყოფმა ამერიკელმა პოლ უილანმა CNN-ს კოლონიიდან დაურეკა და ბლინკენისთვის თხოვნით მიმართვაზე ისაუბრა


პოლ უილანი, აშშ-ის მოქალაქე, რომელიც რუსეთში იხდის სასჯელს. 30 აგვისტო, 2022 წელი
პოლ უილანი, აშშ-ის მოქალაქე, რომელიც რუსეთში იხდის სასჯელს. 30 აგვისტო, 2022 წელი

აშშ-ის მოქალაქემ, პოლ უილანმა, რომელსაც რუსეთში გრძელვადიანი პატიმრობა მიუსაჯეს ჯაშუშობის ბრალდებით, აგვისტოში სატელეფონო საუბრისას სთხოვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს, იზრუნოს მისი გათავისუფლებისთვის.

ამის შესახებ თავად უილანმა განუცხადა CNN-ს.

გასულ პარასკევს ის ჟურნალისტებს ტელეფონით ესაუბრა მორდოვეთის კოლონიიდან, სადაც სასჯელს იხდის. უილანის თქმით, მან ბლინკენს განუცხადა, რომ ის ფაქტი, რომ არ იყო ჩართული რუსეთთან პატიმრების ბოლო გაცვლაში, უტოლდება "ზურგზე სამიზნის დახატვას" და რომ თუ ის არ მოხვდება შემდეგ გაცვლაში, შეიძლება კოლონიაში მოკვდეს. უილანი გულისხმობდა თავის ასაკსა და ავადმყოფობას.

მას სჯერა, რომ აშშ მის გათავისუფლებას ითხოვს, მაგრამ შიშობს, რომ „გეოპოლიტიკურმა საკითხებმა“ შეიძლება გამოიწვიოს ამ თხოვნის გადადება ან დღის წესრიგიდან საერთოდ ამოღება. უილანის თქმით, რუსეთის ხელისუფლება მას „მაღალი ღირებულების“ პატიმრად მიიჩნევს და მისი გათავისუფლებას სანაცვლოდ სათანადო ეკვივალენტის მიღებას შეეცდება.

უილანმა რუსეთის მოქალაქეების, ვიქტორ ბუტისა და კოსტანტინ იაროშენკოს, გათავისუფლებას აშშ-ის ხელისუფლების „შეცდომა“ უწოდა. ისინი გაცვალეს, შესაბამისად, კალათბურთელ ბრიტნი გრეინერსა და ყოფილ საზღვაო ქვეით ტრევორ რიდზე, რომლებიც რუსეთში გაასამართლეს ბრალდებებით, რომლებიც არ იყო ჯაშუშობასთან დაკავშირებული. უილანის გვარი არ ყოფილა შეტანილი გაცვლის ამ მორიგებაში. უილანმა თქვა, რომ ბლინკენი დაჰპირდა, რომ არ დაივიწყებდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აგვისტოში განუცხადა CNN-ს, რომ ჯერჯერობით არ ხერხდება შეთანხმების მიღწევა უილანის გაცვლაზე. არაერთმა მედიასაშუალებამ ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი დაჟინებით მოითხოვს გაცვლაში საქართველოს მოქალაქის, ეთნიკური ჩეჩნის, ზელიმხან ხანგოშვილის გახმაურებული მკვლელობისთვის გერმანიაში მსჯავრდადებული ვადიმ კრასიკოვის ჩართვას. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა CNN-ს განუცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა „სერიოზული შეთავაზება გაუკეთა“ რუსეთს უილანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. თუ რაზეა კონკრეტულად ლაპარაკი, მას არ გაუმხელია.

უილანის თქმით, პირობები კოლონიაში, სადაც სამი წელია იმყოფება, გარკვეულწილად გაუარესდა. კერძოდ, უარესია საკვების ხარისხი, რაც მან რუსეთის ეკონომიკის საერთო სირთულეებს დაუკავშირა.

პოლ უილანი მოსკოვში 2018 წლის დეკემბრის ბოლოს დააკავეს. მას ჯაშუშობაში ადანაშაულებდნენ. სასამართლომ მას 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის უარყოფს დანაშაულს.

უილანის გარდა, რუსეთში პატიმრობაში იმყოფება The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი, რომელიც ასევე ჯაშუშობაშია ბრალდებული. ცოტა ხნის წინ, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს იმის გამო, რომ „უცხოეთის აგენტად“ არ გატარდა რეგისტრაციაში, რაც რუსეთში სისხლის სამართლის საქმეა. მას აქვს ამერიკის და რუსეთის მოქალაქეობა. უილანმა აღნიშნა, რომ ამ საქმის შესახებ რუსული მედიიდან შეიტყო.

XS
SM
MD
LG