Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებულ დაბა აგარის პოლიციის უფროსს უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვას ედავებიან


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი იოსებ გელაშვილი დააკავეს. ის დაბა აგარის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ჩხრეკის შედეგად მისი ავტომობილიდან, სახლიდან და სამუშაო ოთახიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის უაქციზო სიგარეტი, ცეცხლსასროლი იარაღები, ვაზნები, მჭიდები და ფული.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. იოსებ გელაშვილს ედავებიან ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას და განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვას.

დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გელაშვილის შესახებ ცნობილია ისიც, რომ გასულ წელს ის ფიგურირებდა 19 წლის ბიჭის ცემის საქმეში. აგარელი ნიკა ოსაძე გელაშვილსა და აგარის პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომელს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებდა.

ნიკა ოსაძე ამბობდა, რომ გააჩერა აგარის პოლიციის ხელმძღვანელმა, სოსო გელაშვილმა, ავტომობილში იძულებით ჩასვა და პოლიციის შენობაში გადაყვანის შემდეგ, სხვა სამართალდამცველებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა. მისი ბრალდების საფუძველზე გამოძიება დაწყებული ჰქონდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც.

აღნიშნული უწყება გამოძიებას სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით ატარებს - რადიო თავისუფლებას სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში უთხრეს, რომ "მოცემულ ეტაპზე საქმეზე არ არსებობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი რომელიმე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად".

XS
SM
MD
LG