თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა ქართული პრორუსული პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი და პროპაგანდისტული მედია "ალტ-ინფოს" სახე ზურაბ მახარაძე. შინაგან საქმეთა სამინისტრო, რადიო თავისუფლების არაერთი მცდელობის მიუხედავად, არ აკონკრეტებს, რომელ საქმეზე გამოძიების ფარგლებში დაიკითხა მახარაძე. როგორც პოლიციის შენობაში შესვლამდე, ისე მისი დატოვების შემდეგ, თავად ზურაბ მახარაძემ აღნიშნა, რომ "ანტიმაიდნის" შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო დაიბარეს პოლიციაში. მისივე თქმით, პოლიციას ამ განცხადებებზე გამოძიების დაწყება რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ სთხოვა.
"მე დამიბარეს იმიტომ, რომ მეორე ფლანგი ძალიან ნერვიულობს, რომ ანტიმაიდანი არ შედგეს. რატომ ნერვიულობს, თუ მაიდანს არ აპირებს, არ ვიცი. ეტყობა აპირებს, თორემ რომ არ აპირებდეს, აბა, ანტიმაიდანის გამო რატომ ინერვიულებდა, რატომ დაწერდა აქ საჩივარს. ამიტომ, კიდევ ერთხელ - არ იქნება მაიდანი, არ იქნება ანტიმაიდანი", - თქვა მახარაძემ გამოკითხვის შემდეგ. მან მედიისთვის მიცემულ ამავე კომენტარში ხელისუფლება გააკრიტიკა იმის გამო, პოლიციას რომ ამ დრომდე არ დაუკავებია ის ადამიანები, ვინც გადატრიალების მოწყობას აპირებდნენ.
"როდესაც ამბობ, რომ ვიღაცა აპირებს გადატრიალებას, მაჩვენებ კადრებს და მერე არავის იჭერს, ეგ არის სერიოზული პრობლემა", - თქვა ზურაბ მახარაძემ.
"კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერების საჯარო მოწოდებებზე გამოძიების მოთხოვნით პოლიციას მიმართა "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა". ორგანიზაციის ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი თვლის, რომ საჯარო განცხადებების გარდა, საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ ძალადობრივი ჯგუფების დაფინანსების წყაროებითაც.
"ანტიმაიდნის" მოწყობით "კონსერვატიული მოძრაობის" წევრები რამდენჯერმე დაიმუქრნენ ბოლო თვეების განმავლობაში - პირველი ასეთი განცხადება მათ "თბილისი პრაიდის" მიერ ორგანიზებული ფესტივალის დარბევის შემდეგ გააკეთეს, ივლისში. 22 სექტემბერს კი „ალტ-ინფოს“ ლიდერებმა გამოაცხადეს, რომ ყალიბდება „ანტიმაიდნის მოძრაობა“, „პროდასავლური ჯგუფების მხრიდან საქართველოში დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალებისა და მაიდანის მოწყობის აღსაკვეთად“.