კობახიძეს ამ ღონისძიების შესახებ კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს. დისკუსია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გაიმართება.
„სათაური [დისკუსიის] უკვე შემაშფოთებელია - როდესაც ვიღაც რევოლუციის თემის აქტუალიზაციას ახდენს და ეს ხდება, მით უმეტეს, უცხოური დაფინანსებით, ეს, ბუნებრივია, შემაშფოთებელია და ყველას მოვუწოდებ, დაასვენონ ეს ქვეყანა, უზრუნველყონ სიმშვიდე ამ ქვეყანაში და ნუ გადადგამენ ნაბიჯებს, რომელიც სიმშვიდის დარღვევისკენაა მიმართული. ეს არის ჩვენი ძალიან მკაცრი მოწოდება“, - ასე უპასუხა მედიის კითხვას დეპუტატმა და დაამატა, რომ ხელისუფლება არავის მისცემს ქვეყანაში რევოლუციური პროცესების მხარდაჭერის საშუალებას.
„ამ ქვეყანაში საზოგადოებას სიმშვიდე და მშვიდობა სურს. თუ ვიღაცებს საპირისპირო სურთ, არეულობა, „მეორე ფრონტი“ უნდათ, ამას სათანადო რეაგირება ექნება. ვერავის მივცემთ ქვეყანაში ასე მარტივად რევოლუციური პროცესების მხარდაჭერის საშუალებას. ჩვენს ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე, ეკონომიკური განვითარება და არა ის უბედურება, რაც ვიღაცებს აქვთ ჩაფიქრებული“, - უთხრა ჟურნალისტებს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებას დისკუსიის შესახებ გამოეხმაურა "ინდიგოს" წარმომადგენელი ნატა ძველიშვილი. მისი თქმით, როგორც "ინდიგოს", ისე დონორ ორგანიზაციას დილიდან ურეკავენ ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი ტელევიზიები - "რუსთავი 2" და "იმედი" - იმის გასარკვევად, რა მიზანს ემსახურება ეს ღონისძიება.
"როგორც ჩვენი სხვა გამოცემები, ეს 200-გვერდიანი ჟურნალიც წარსულის გადახედვის და გამოცდილების გაანალიზების მცდელობაა სწორედ იმისთვის, რომ ახალი პერსპექტივები დავინახოთ", - წერს ძველიშვილი.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში ნატა ძველიშვილი ამბობს, რომ "ინდიგო" წელიწადში გამოსცემს 4 გამოცემას და თითოეული გამოცემა ეძღვნება ხოლმე, ერთ კონკრეტულ თემას, ეს მორიგი ნომერი ეძღვნება პროტესტსა და წინააღმდეგობას, პროტესტისა და წინააღმდეგობის ისტორიას, წინა ნომერი ეძღვნებოდა ემიგრაციას, შრომას, გარემოს, "ჩვენ ვართ ნიშური მედია, ახალ ამბებზე არ ვართ ორიენტირებული და ვდილობთ სიღრმისებული მასალები მოვამზადოთ",- ამბობს ნატა ძველიშვილი.
მისი თქმით, ამ გამოცემაზე მუშაობა ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყეს დაიწყეს. "ერთი გამოცემა ამას "ინდიგომ" უკვე მიუძღვნა. ეს არის მეორე და უფრო სიღრმისეული მასალა და ერთგვარი არქივი და ჩვენს ვებსაიტზეც ხელმისაწვდომია ეს მასალები, ის გამოადგებათ მკვლევრებს, ჟურანლისტებს, ბევრი უნიკალური მასალაა თავმოყრილი"
რაც შეეხება თავად ღონისძიებას, ნატა ძველიშვილის თქმით, ღონისძიება გამოცემას ეძღვება, "ეს არ არის არც ვორკშოპი, არც ტრენინგი. ღია შეხვედრაზე ჩვენს მკითხველებს წარვუდგენთ გამოცემას და ავტორებთან ერთად გავაცნობთ",- ამბობს ნატა ძველიშვილი.
ღონისძიება, რომელზეც დისკუსია და "ინდიგოს" ახალი ნომრის პრეზენტაციაა დაგეგმილი, 31 ოქტომბერს გაიმართება.