საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესცენტრის ცნობით, თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ჩამქრალია. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გვითხრეს, რომ შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა და ისინი ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.
სამსახური აფეთქების გამომწვევ მიზეზებზე ჯერჯერობით არ საუბრობს. „ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს და გამოძიება დაადგენს, რამ გამოიწვია აფეთქება", - უთხრეს რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციების სამსახურში.
დაუდასტურებელი ცნობით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.
განახლება
ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის ცნობით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.
„თბილისი ენერჯის“ სადისპეტჩერო და სწრაფი რეაგირების ცენტრის უფროსმა ირაკლი დეკანოიძემ განაცხადა, რომ 22 ოქტომბერს მიმდინარეობდა ქსელის რეკონსტრუქცია და ამის შესახებ მოსახლეობა ინფორმირებული იყო. როგორც მან თქვა, გაზმომარაგება ტექნიკური ნორმების სრული დაცვით აღადგინეს.
„ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ ადგილზე შესვლა. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ჩვენ არ გვაქვს დათვალიერებული ფართი.
მოსახლეობა გაფრთხილებული იყო დადგენილი წესის შესაბამისად. გაზმომარაგების აღდგენაც მოხდა სრული ტექნიკური ნორმების დაცვითა და გათვალისწინებით.
გაზის მიწოდების აღდგენასთან დაკავშირებით, მოსახლეობას მიღებული ჰქონდა შეტყობინება.
გეგმური სამუშაოები მიმდინარეობდა გუშინ. მიმდინარეობდა ქსელის რეკონსტრუქცია და ამის შესახებ მოსახლეობა იყო ინფორმირებული”, - განაცხადა ირაკლი დეკანოიძემ.
თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, კახა ლაბუჩიძის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე არიან მერიის ყველა საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები და გამგებელი. დეპუტატის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს დაზარალებული ოჯახების აღწერა. „ჩვენ მზად ვართ ყველანი დღესვე უზრუნველვყოთ საცხოვრებლით. სადაც ხვალ დილით ან ამ დღეებში შეუძლებელი იქნება [ცხოვრება], გარკვეული სამუშაოების და რემონტების გამო, მანამდე ყველა ეს ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება სასტუმროში", - განაცხადა მაჟორიტარმა დეპუტატმა.