Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციონერ დმიტრი გუდკოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რუსეთის არმიის შესახებ „ფეიკების“ მუხლით


დმიტრი გუდკოვი
დმიტრი გუდკოვი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსისა და სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატის, დმიტრი გუდკოვის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე რუსეთის არმიის შესახებ ე.წ. „ფეიკების“ მუხლით. ეს თავად გუდკოვმა დაადასტურა და სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა საქმის აღძვრის დადგენილების ფოტოები.

მიზეზი იყო ვიდეო სათაურით „რა მოჰყვა პუტინის ომს უკრაინაში?“, რომელიც ყოფილმა დეპუტატმა გამოაქვეყნა თავის YouTube არხზე 2022 წლის აპრილში. მასში მან ისაუბრა რუსეთის არმიის მიერ უკრაინაში საცხოვრებელი შენობებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებაზე, ასევე ბუჩაში, ირპენსა და ბოროდიანკაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტაზე.

„აი, როგორ ხდებიან ადამიანები რუსეთში დამნაშავეები. მე წამოვეგე ვიღაცის პროვოკაციას (სხვათა შორის, ვისას?), დავიჯერე, რომ რუსეთის არმიას შეუძლია მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა. როგორ მომივიდა ეს. ცხადია, თავბრუდამხვევი კარიერა მაქვს. ბოლოს და ბოლოს ვარ ავტორიტეტული დეპუტატი“, - თქვა გუდკოვმა.

„არმიის შესახებ ფეიკების“ მუხლით მას 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დმიტრი გუდკოვი იყო სახელმწიფო დუმის დეპუტატი 2011-2016 წლებში. ის კენჭს იყრიდა პარტია „სამართლიანი რუსეთიდან“, მაგრამ 2013 წელს ის პარტიიდან გარიცხეს. 2021 წელს მან დატოვა რუსეთი. უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის დაწყების შემდეგ მან ინტერვენცია მკაცრად დაგმო. შედის რუსეთის ომის საწინააღმდეგო კომიტეტში. იუსტიციის სამინისტროს მიერ შეყვანილია ე.წ. უცხო ქვეყნის აგენტების სიაში.

რუსეთის არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელებისა და რუსეთის არმიის დისკრედიტაციის შესახებ ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის მუხლები სახელმწიფო დუმამ რუსეთის კანონმდებლობას უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ დაამატა. სასამართლოები სიყალბედ მიიჩნევენ რუსეთის არმიის მიმართ ბრალდებებს სამხედრო დანაშაულებში, მათ შორის არამებრძოლთა მკვლელობაში და სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმაში.

რუსეთის სასამართლოებმა უკვე ათეულობით განაჩენი გამოიტანეს ე.წ. „ფეიკების“ შესახებ. მაქსიმალური სასჯელი - რვა-ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა - მიესაჯა პოლიტიკოს ილია იაშინს. როგორც წესი, სასჯელი გამოჰქონდათ ხოლმე განცხადებების გამო, რომლებიც უკავშირდებოდა რუსი სამხედროების მიერ ბუჩასა თუ მარიუპოლში უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობებს. ამ მუხლით გამამართლებელი განაჩენები არ ყოფილა.

XS
SM
MD
LG