Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

3 თვეში პირადი ცხოვრების ამსახველი 300-ზე მეტი ფაილი ამოვიღეთ, 7 პირი დავაკავეთ, 14 ვამხილეთ - სპეციალური საგამოძიებო სამსახური


სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შენობა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შენობა

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს ინფორმაციას აგვისტო-ოქტომბრის თვეში პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტებზე ჩატარებული გამოძიებების შესახებ. უწყების ცნობით, ბოლო სამ თვეში დააკავა ორი პირი თბილისსა და რუსთავში, რომლებსაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, დაკავებულთაგან ერთმა, თბილისში მცხოვრებმა 42 წლის გ.მ.-მ, 2023 წლის მარტში ნაცნობ ქალთან ვიდეოზარით კომუნიკაციისას, მას მოსთხოვა შიშველი სხეულის ჩვენება და მისი ნებართვის გარეშე ფარულად გადაუღო ინტიმური შინაარსის აუდიო/ვიდეო მასალა. მოგვიანებით გ.მ-მ, ქალის რეპუტაციის შელახვისა და დამცირების მიზნით, აღნიშნული ინტიმური ვიდეო/აუდიო მასალა საჯაროდ განათავსა სოციალურ ქსელ "TIK TOK-ზე".

მეორე დაკავებული რუსთავში მცხოვრები 32 წლის გ.ტ-ა, რომელმაც უნებართვოდ შეაღწია 23 წლის ქალის ფეისბუკის გვერდზე და უკანონოდ მოიპოვა მისი შიშველი სხეულის ამსახველი ფოტოები და ხმოვანი შეტყობინებები. 2022 წლის მაისსა და ივნისში ეს მასალა მან დაზარალებულის მეგობრებს და ახლობლებს გადაუგზავნა და ასევე, საჯაროდ განათავსა ფეისბუკზე.

"რაც შეეხება დანაშაულში მხილებულ დანარჩენ 12 პირს, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, როგორც ნაცნობ, ასევე, სოციალური ქსელის მეშვეობით გაცნობილ დაზარალებულებთან ურთიერთობა სხვადასხვა დროს ჰქონდათ. ისინი დაზარალებულების პირადი ცხოვრების ამსახველ ინტიმურ ფოტოებსა და ვიდეოებს მობილური ტელეფონებითა და სოციალური ქსელებით მოიპოვებდნენ და ასევე, სხვადასხვა სოციალური ქსელის გამოყენებით დაზარალებულების ახლობლებსა და სხვა პირებს უგზავნიდნენ. აღნიშნული ქმედებებით მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოება დაირღვა.

მთელი საქართველოს მასშტაბით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის, მობილური და კომპიუტერული ტექნიკიდან ინფორმაციის მოპოვების შედეგად, მტკიცებულების სახით 300 ერთეულზე მეტი პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო, ვიდეო და აუდიო ფაილი ამოიღო", - ნათქვამია საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები განადგურდება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ.

XS
SM
MD
LG