რუსული ვაქცინა Sputnik V აღარ იცავს კორონავირუსული ინფექციის ახალი შტამებისგან. ამის შესახებ Gazeta.ru-სთან ინტერვიუში განაცხადა „გამალეის ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ალექსანდრ გინცბურგმა, რომელმაც შექმნა ვაქცინა.
გინცბურგის თქმით, ცენტრი ახლა კლინიკურ კვლევებს ატარებს Sputnik V-ის იმ ვერსიაზე, რომელიც ადაპტირებულია კორონავირუსის შტამ „ომიკრონის“ ახალი ვარიანტის, „კრაკენისთვის“. გინცბურგის თქმით, Sputnik-ის იმ ვერსიამ, რომელიც 2020 წელს შეიქმნა, „უბრალოდ შეწყვიტა სრულად დაცვა“.
ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, რომ COVID-19-ის პანდემია ჯერ კიდევ გრძელდება, ამიტომ საჭირო გახდა ვაქცინის ანტიგენური შემადგენლობის განახლება. ამასთან, მან აღიარა, რომ მომავალი წლის მარტისთვის, როდესაც მოსალოდნელია ახალი ვაქცინის სამოქალაქო მიმოქცევაში შესვლა, ის შეიძლება აღარ იყოს აქტუალური, რადგან სავარაუდოდ გაჩნდება ახალი შტამები.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვის კერძო კლინიკებში ვაქცინა Sputnik V პრაქტიკულად გაქრა.
„გამალეის ცენტრმა“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავების შესახებ 2020 წლის ზაფხულში გამოაცხადა. ეს იყო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ვაქცინა, რომელიც გამოიყენებოდა პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად. რუსეთში ამ ვაქცინით აცრილია ათობით მილიონი ადამიანი. ვაქცინა მიეწოდება მთელ რიგ უცხო ქვეყნებს, მაგრამ მას ჯერაც არ მიუღია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერტიფიკატი.
ზაფხულიდან მოყოლებული, მსოფლიოში COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევათა სიხშირე მატულობს, ასევე დაფიქსირდა შემთხვევების რაოდენობის ზრდა რუსეთშიც. ვინაიდან დაავადებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ახლა მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე პანდემიის დასაწყისში, თითქმის ყველა ქვეყანამ გააუქმა არსებული შეზღუდვების უმეტესი ნაწილი. რუსეთის რიგ რეგიონებში, მათ შორის მოსკოვში, კვლავ ძალაშია კორონავირუსთან დაკავშირებული აკრძალვები მასობრივი ღონისძიებების თაობაზე. პრაქტიკაში საუბარია ქუჩის აქციების აკრძალვაზე, რომლებითაც ხელისუფლება არ არის დაინტერესებული.