Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმის დეოკუპაცია ომში უკრაინის გამარჯვების გარეშე შეუძლებელია - ჩეხეთის პარლამენტის სპიკერი


მარკეტა პეკაროვა ადამოვა აცხადებს, რომ ჩეხეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს
მარკეტა პეკაროვა ადამოვა აცხადებს, რომ ჩეხეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს

ყირიმის დეოკუპაცია შეუძლებელია რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვების გარეშე. ამის შესახებ რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის (ქვედა პალატა) სპიკერმა მარკეტა პეკაროვა ადამოვამ.

"პირველ რიგში, უკრაინას სჭირდება ომის მოგება. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი ამისკენ. საჭიროა ომის მოგება და შემდეგ შესაძლებელი იქნება ყირიმის ნახევარკუნძულის, ასევე უკრაინის ყველა ტერიტორიის დეოკუპაცია", – განაცხადა პეკაროვა ადამოვამ.

ამავე დროს, ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს არ დაუკონკრეტებია, ნახევარკუნძულის გათავისუფლება ექსკლუზიურად სამხედრო საშუალებებით უნდა მოხდეს, თუ არსებობს შესაძლებლობის სივრცე დიპლომატიისთვის.

მან ასევე გამოთქვა რწმენა, რომ ჩეხეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს: "როგორც ჩეხი პოლიტიკოსი და ამ სახელმწიფოს წარმომადგენელი, შემიძლია ვთქვა, რომ ჩეხეთი უკრაინასთან იქნება ომის დასრულებამდე. ჩვენ მხარს დაგიჭერთ ომის ბოლომდე."

ასევე, მარკეტა პეკაროვა ადამოვა თვლის, რომ დასავლეთის რეაქცია 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციაზე არასაკმარისი იყო და ეს მოსკოვს სისუსტედ შეეძლო აღექვა, რის გამოც გადაწყვიტა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა.

  • ჩეხეთის რესპუბლიკამ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი ინტერვენციის შემდეგ, რამდენჯერმე გაუგზავნა იარაღი და საბრძოლო მასალა უკრაინას. თავდაპირველად ჩეხეთმა უკრაინას აჩუქა 1,7 მილიონი დოლარის ღირებულების 4000 საარტილერიო ჭურვი. შემდეგ უკრაინამ ჩეხეთისგან მიიღო 8,6 მილიონი დოლარის ღირებულების ტყვიამფრქვევები, ავტომატები, შაშხანები, პისტოლეტები და ტყვია-წამალი.
  • მოგვიანებით ნატოს წევრმა ჩეხეთმა უკრაინას უფასოდ გადასცა ათობით Т-72 მოდელის ტანკი და ჯავშანმანქანა, რომლებიც ჩეხეთის არმიის საცავებში საბჭოთა კავშირის დაშლის დროიდან იყო, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ხანდაზმულია. როგორც უკრაინული გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს, ამ მოდელის 30 მოდერნიზებული ტანკი აქტიურად გამოიყენებოდა ჩეხეთში და ახლა უკვე მას უკრაინის დამცველები გამოიყენებენ.
  • უკრაინული მედიის თანახმად, ჩეხეთმა უკრაინას „დანას“ კლასის თვითმავალი ჰაუბიცები და ჩეხოსლოვაკიის წარმოების ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარები, „გრად“ РМ-70-ებიც, გაუგზავნა.

XS
SM
MD
LG