Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დუმის დეპუტატი გამოვიდა მოწოდებით - გაანადგურონ ყველა, ვინც პუტინს არ ენდობა


გენერალი ანდრეი გურულევი
გენერალი ანდრეი გურულევი

სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი პარტია "ერთიანი რუსეთიდან", გენერალი ანდრეი გურულევი გამოვიდა იმ რუსების "განადგურების" მოწოდებით, ვინც არ ენდობა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

დეპუტატმა, რომელიც წარმოადგენს შორეული აღმოსავლეთის რეგიონებს, ეს განცხადება სახელმწიფო ტელეარხ "როსია-1"-ის ეთერში გააკეთა. "ერთიანობის დონე, რომელიც დღეს არსებობს" რუსეთში, მისი თქმით, ეს არის მოქალაქეების 80%, რომლებიც ამჟამინდელ სახელმწიფოს მეთაურს ენდობიან.
"და მე მინდა, რომ ჩვენს ამ საზოგადოებაში... მთელი ეს ნაგავი, რაც დარჩა, ის თუ იზოლირებული არა, რაღაცნაირად მაინც განადგურებული უნდა იქნეს", - განაცხადა გურულევმა.

სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის ასეთი ემოციური რეაქცია გამოიწვია სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მოსახლეობის 18%, ანუ 30 მილიონზე ოდნავ ნაკლები ადამიანი, არ ენდობა პუტინს.

დეპუტატის არგუმენტები ეხებოდა იმ რუსებს, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს. გურულევმა მოღალატეები უწოდა ასეთ მოქალაქეებს და კიდევ იმათ, ვინც რუსეთში დარჩა, მაგრამ, გამოკითხვების თანახმად, არ ენდობა ვლადიმირ პუტინს.
გურულევმა ასევე უცენზურო სიტყვით მოიხსენია აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და აღნიშნა, რომ ისინი "ვერასოდეს იოცნებებენ" იმ მხარდაჭერის დონეზე, რაც პუტინს აქვს.

ანდრეი გურულევი სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაურის ყოფილი მოადგილეა.

დეპუტატი ასევე მიიჩნევს, რომ პუტინი მოიგებს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს 2024 წლის გაზაფხულზე. ამავე დროს, თავად პუტინს არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ჯერ არ გამოუცხადებია.

XS
SM
MD
LG