20 ოქტომბერს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ დიპლომატი გიორგი კუნაძე ე.წ. უცხოელ აგენტად გამოაცხადა.
სამინისტროს ცნობით, გიორგი კუნაძე ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთის ფედერაციის უარყოფითი იმიჯის შექმნას, ასევე ავრცელებდა ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის საჯარო ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ. კუნაძე ასევე რეგულარულად სტუმრობდა უცხოურ საინფორმაციო პლატფორმებს.
გიორგი კუნაძე 74 წლისაა, 1991-1993 წლებში იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, 1993-1997 წლებში კი - რუსეთის ელჩი სამხრეთ კორეაში.
გიორგი კუნაძის გარდა 20 ოქტომბერს „უცხოელი აგენტების“ რეესტრში შეიტანეს ჟურნალისტი ილია კოსიგინი და პოლიტოლოგი მიხაილ სავვა. კოსიგინი ვლადიმირში დაფუძნებული გამოცემის, „დოვოდის“ მთავარი რედაქტორია. გამოცემა რეგულარულად აქვეყნებს ინფორმაციას უკრაინაში დაღუპული ვლადიმირელი სამხედროების შესახებ.
მიხაილ სავვა კი ყუბანის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია, რომელიც მუშაობს ეთნიკურ კონფლიქტებსა და ეთნიკური ურთიერთობების პრობლემებზე.
რუსეთში „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონმდებლობა 2012 წელს შეიქმნა. კანონი იუსტიციის დეპარტამენტს უფლებას აძლევს, უცხოეთის აგენტებად ცნოს არაკომერციული ორგანიზაციები, თუკი ისინი იღებენ უცხოურ დაფინანსებას და ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას. კრიტერიუმები, რომლებითაც ასეთი აქტივობები განისაზღვრება, კანონში მკაფიოდ არ არის განსაზღვრული, რაც უფლებას აძლევს ხელისუფლებას განახორციელოს განათლების, კულტურის, ჯანდაცვის, ეკოლოგიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროებში მომუშავე ორგანიზაციების დევნა.
მოგვიანებით „აგენტების“ ჩამონათვალი გაფართოვდა და მოიცვა მედიაორგანიზაციები და ფიზიკური პირები, 2023 წლისთვის აგენტების რეესტრში შესატანად აუცილებელი აღარ არის უცხოური დაფინანსების მიღება, საკმარისია პირი იმყოფებოდეს „უცხოური გავლენის ქვეშ“. რუსეთის კანონმდებლობა არ აკონკრეტებს, რა მიიჩნევა უცხოურ გავლენად.