აშშ-ში გამოქვეყნდა დაზვერვის შეფასებები, რომლის მიხედვითაც მოსკოვი ჯაშუშებს, სოციალურ ქსელებსა და რუსეთის სახელმწიფო მედიას იყენებს, რათა შეარყიოს საზოგადოების ნდობა დემოკრატიული არჩევნების მიმართ მთელ მსოფლიოში.
"ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციიდან გამომდინარეობს, რომ რუსეთის ხელისუფლების, მათ შორის კრემლის წარმომადგენლები ფასეულად და ეფექტიანად მიიჩნევენ გავლენის მოხდენისკენ მიმართულ ასეთ ოპერაციებს", - მოჰყავს "როიტერსს" აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის ამონარიდი.
არჩევნებში გავლენის მოსახდენად ოპერაციის გააქტიურებისკენ რუსეთს აშშ-ის 2020 წლის არჩევნების თაობაზე დეზინფორმაციის გავრცელებაში მიღწეულმა წარმატებამ უბიძგა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო დეპარტამენტის ანონიმურმა წყარომ განუცხადა.
წყაროს თქმით, ამერიკული დაზვერვის დასკვნები სახელმწიფო დეპარტამენტმა გაუგზავნა აშშ-ის 100-ზე მეტ საელჩოს ამერიკაში, ევროპაში, აზიასა და აფრიკაში.
ვაშინგტონი რეკომენდაციას აძლევს ქვეყნებს, რომლებთანაც მას დიპლომატიური ურთიერთობები აქვს, მიიღონ ზომები არჩევნებში რუსეთის ჩარევის ეფექტის შესამსუბუქებლად. ასეთ ზომებს შორისაა სანქციები, ინფორმაციის გაცვლა და რუსი ჯაშუშების გაძევება.
2020-2022 წლებში რუსეთის კოორდინირებული ოპერაციები მიზნად ისახავდა "საზოგადოების ნდობის შელახვას ცხრა დემოკრატიულ ქვეყანაში, მათ შორის შეერთებულ შტატებში, გამართული მინიმუმ 11 არჩევნების მიმართ", - ნათქვამია დოკუმენტში. ამავე დროს, არ არის მითითებული, თუ კიდევ რომელ ქვეყნებზეა საუბარი.
რუსეთის სახელმწიფო მედია ღიად აცხადებდა, რომ კენჭისყრა არადემოკრატიული იქნებოდა და "აძლიერებდა ყალბ მტკიცებას მოსალოდნელ ფალსიფიკაციაზე" 2020-2021 წლებში აზიის, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ ამერიკის არაერთი არჩევნების წინა დღეს.