გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირში შესვლის ეკონომიკურ წინაპირობებზე გაამახვილა ყურადღება და ევროკავშირი მოიხსენია როგორც „უმეტესწილად ეკონომიკური კავშირი“.
გერმანელმა დიპლომატმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვრცელ პოსტს სოციალურ ქსელ X-ში ასეთი კომენტარი დაურთო.
"ბატონო სპიკერო, საქართველოს ეკონომიკურ პროგრესზე გეთანხმებით. მაგრამ, ევროკავშირი უმეტესწილად ეკონომიკური კავშირი არ არის. ევროკავშირის ხელშეკრულების მე-2 მუხლი: „ევროკავშირი დაფუძნებულია ადამიანის ღირსების, თავისუფლების, დემოკრატიის, თანასწორობის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ღირებულებებზე“. მე-3 მუხლი: „ევროკავშირის მიზანია, ხელი შეუწყოს მშვიდობას, მის ღირებულებებსა და მისი ხალხის კეთილდღეობას“.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეკონომიკური მაჩვენებლების თვალსაზრისით, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ლიდერია. პაპუაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირი, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური გაერთიანებაა:
„ევროკავშირი, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური გაერთიანებაა და გარკვეული ეკონომიკური დონის მიღწევა აუცილებელი პირობაა მასში გაწევრიანებისთვის. ამიტომაა, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი გაწევრიანებისათვის ეკონომიკური სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
დიაგრამაზე ნაჩვენებია ევროკავშირში გაწევრიანების მომენტში ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე. ბოლო რამდენიმე წლის რეკორდული ეკონომიკური ზრდის შედეგად, საქართველომ უკვე გაიარა ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო „მინიმალური დონე“, ხოლო მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველო 2028 წლისთვის ევროკავშირის ასპირანტებს შორის პოზიციონირებს როგორც ერთ-ერთი საუკეთესო.
შესაბამისად, საქართველო ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ეკიდება ორი მიზეზის გამო: 1) ეკონომიკურ განვითარებას მოაქვს მეტი სამუშაო ადგილი, უკეთესი ინფრასტრუქტურა და მეტი ეკონომიკური სიკეთე საქართველოს მოქალაქეებისთვის; 2) ეს აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და გადამწყვეტი ფაქტორია რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. ჩვენი პასუხისმგებლობაა თანდათანობით მივაღწიოთ ამას ევროკავშირში გაწევრიანებამდეც“.
მოგვიანებით შალვა პაპუაშვილიც გამოეხმაურა გერმანიის ელჩის კომენტარს.
„ნამდვილად, ბატონო ელჩო“, - დაწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.