Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა ხელი მოაწერა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებებს


საქართელოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
საქართელოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ 6 ოქტომბერს მიიღო. პრეზიდენტის ხელმოწერის შესახებ ცნობა ადმინისტრაციამ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა. უცნობია, პრეზიდენტი ხელმოწერისგან თავს რატომ იკავებდა.

დღეს, 20 ოქტომბერს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ორი კვირის განმავლობაში ხელს არ აწერდა მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესულ ცვლილებებს.

„აბსოლუტურად წარმოუდგენელ რამესთან გვაქვს საქმე. თითქმის ორი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა იმსჯელა ბიუჯეტზე. სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს აქვს სწორი უსაფრთხოების და ეკონომიკური პოლიტიკა, ჩვენ გაგვიჩნდა დამატებითი შემოსავალი ბიუჯეტში, 500 მილიონ ლარზე მეტი, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ის სტიქიები, რაც გვქონდა მიმდინარე წელს, სხვა სოციალური პროგრამები, განხორციელდეს. ხალხი ელოდება ამას, პარლამენტში განვიხილეთ და მივიღეთ სწრაფად და ორი კვირაა ხალხი ელოდება ერთი ადამიანის ხელმოწერას. არ ვიცი, ახლა რა უნდა მოხდეს, შიგნით რიცხვებია გაურკვეველი თუ რა გეგმა აქვს ქალბატონ სალომეს, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც ამას ელის, არის ძალიან არასწორი დამოკიდებულება. იმედია, პარლამენტის მოწოდების შემდეგ მაინც ხელს მოაწერს ამას. პრეზიდენტს არ ვიცი, რა განზრახვები აქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, არ შეუძლია დაბლოკოს ბიუჯეტის ცვლილება, ჩვენ მაინც დავამტკიცებთ მიუხედავად იმისა, ეწინააღმდეგება თუ არა ქალბატონი სალომე, რომ ხალხმა მიიღოს ეს დახმარებები", - თქვა პაპუაშვილმა.

6 ოქტომბერს მიღებული ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები გაიზარდა 431,2 მლნ ლარით და ჯამურად შეადგინა 22 311 300 000 ლარი.

ცვლილებების თანახმად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები გაიზარდა 250,0 მლნ ლარით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება - 47,0 მლნ ლარით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ასიგნებები - 34,0 მლნ ლარით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს - 23,0 მლნ ლარით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს - 20,0 მლნ ლარით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებები იზრდება 40,0 მლნ. ლარით, თავდაცვის სამინისტროს - 10,0 მლნ ლარით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება - 21,2 მლნ ლარით, რაც დაკავშირებულია 2024 წელს საპარლამენტო არჩევნების ელექტრონულად ჩატარებისთვის საჭირო აპარატურისა და მომსახურების ხარჯების ნაწილობრივ დაფინანსებასთან.

ცვლილებების თანახმად, სახალხო დამცველის აპარატს, ახალი შენობის მშენებლობის ხარჯების დასაფინანსებლად, დამატებით გამოეყოფა 2,5 მლნ ლარი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმდინარე ხარჯების დაფინანსებისთვის დამატებით გამოეყოფა 500,0 ათასი ლარი.

XS
SM
MD
LG