Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დანილოვი: საქართველოსა და მოლდოვას შეეძლოთ თავიანთი ტერიტორიების გათავისუფლების დაწყება


ოლექსი დანილოვი, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი
ოლექსი დანილოვი, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, მესამე მსოფლიო ომი 2008 წელს რუსეთის საქართველოზე თავდასხმით დაიწყო, ახლა კი მისი ცხელი ფაზა მიმდინარეობს. ამასთან, მისი თქმით, თუ საქართველო და მოლდოვა თავიანთი ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას დაიწყებდნენ, უკრაინასაც გაუადვილდებოდა საქმე.

დანილოვმა ამის შესახებ ტელემარათონის მიმდინარეობისას განაცხადა, როდესაც იმ თეზისის კომენტირება სთხოვეს, რომლის მიხედვით, „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმით დაიწყო მესამე მსოფლიო ომი.

„მესამე მსოფლიო ომი დაიწყო 2008 წელს, როდესაც რუსეთის ფედერაცია საქართველოს დაესხა, წაიღო მისი ტერიტორიის ნაწილი, შემდეგ იყო 2014 წლის თებერვლის ვითარება. უბრალოდ, ის (ომი) იყო „გრილ“ მდგომარეობაში, ახლა კი აქტიურ სტადიაში გადავიდა. ცხელ ფაზაში ის გადავიდა 2022 წლის 24 თებერვალს და ის, რაც ახლა ხდება ისრაელის ტერიტორიაზე, სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე, ეს უკვე შედეგებია. მეტიც, დარწმუნებული ვარ, ეს არის უკანასკნელი ომი, რომელსაც თქვენთან ერთად დავაკვირდებით“.

დანილოვის თქმით, თუ საქართველო და მოლდოვა რუსეთის ფედერაციისგან თავიანთი ტერიტორიების გათავისუფლებას დაიწყებდნენ უკრაინაში ომის მიმდინარეობისას, მაშინ ერთად უფრო სწრაფად მოგვარდებოდა "აგრესორის მიერ მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნების საკითხი“.

„ჩემი პოზიცია ჯერ კიდეც თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში [გამოვხატე], როცა ჩვენთან დაიწყო აგრესია და ვამბობდი: თუ ქართველები და მოლდოვა რუსი ოკუპანტებისგან თავიანთი ტერიტორიების გათავისუფლებას დაიწყებდნენ, ჩვენ გაცილებით სწრაფად მოვაგვარებდით ამ საკითხს. მაგრამ ეს მათი მთავრობების, ამ ქვეყნების გადასაწყვეტია. ისინი მიიჩნევენ, რომ ჩვენი დახმარებით, ანუ როცა ჩვენ გავიმარჯვებთ რუსეთზე, ისინი ძალიან სწრაფად გაათავისუფლებენ თავიანთ ტერიტორიებს“, - განაცხადა ოლექსი დანილოვმა.

მისი თქმით, 2008 წელს საქართველოს ომის და 2014 წელს ყირიმის მოვლენების დროს მსოფლიოს პუტინისთვის პასუხი რომ გაეცა, ახლა გაცილებით ნაკლები დანაკარგი იქნებოდა.

ეს ე.წ. მეორე ფრონტის შესახებ დანილოვის პირველი განცხადება არაა. გასული წლის მარტში მან თქვა: "თუ დნესტრისპირეთი და საქართველო დაკავებული იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, უფრო მეტიც, პოლონეთს ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებია პრეტენზია კალინინგრადის ოლქზე, ეს ჩვენ აუცილებლად დაგვეხმარებოდა, მათ [რუსეთს] სხვა საქმეებიც გამოუჩნდებოდათ, გარდა იმისა, რომ გაანადგურონ ჩვენი ქალაქები და სოფლები, დახოცონ ჩვენი ბავშვები და ქალები".

დანილოვის ეს განცხადება არაერთხელ გამხადა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკის საგანი.

საქართველოს მმართველი პარტია "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ გარკვეულ ძალებს უკრაინასა და დასავლეთში სურთ საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარებას მხოლოდ მშვიდობიანი გზით გეგმავენ. განცხადებებს, რომ დასავლეთი მოუწოდებს საქართველოს ომისკენ, კატეგორიულად უარყოფენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, დასავლელი პოლიტიკოსები და დიპლომატები.

რამდენიმე თვის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელემარათონის ფარგლებში განაცხადა, რომ რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაშიც შეიტანს წვლილს.

XS
SM
MD
LG