მოახლოებული ზამთრის პირობებში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებას ელოდებიან, გადაუხდელობის შემთხვევაში კი - რუსეთიდან დენის მიწოდების შეზღუდვას. ამ თემას სოციალურ ქსლებში აქტიურად განიხილავენ ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებლები. მათი შეშფოთება უსაფუძვლო არ არის, რადგან ცხინვალმა ამის შესახებ გაფრთხილება უკვე მიიღო.
როგორც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ენერგოკომპანია „ენერგორესურსის'' ხელმძღვანელმა აცამაზ კაბისოვმა განაცხადა, ამ ეტაპზე რუსეთიდან დენის მიწოდების შეზღუდვას არ ელოდება.
რუსულმა ენერგოკომპანია „ინტერ რაომ" იმ ქვეყნებსა და მომხმარებლებს, რომლებიც ევრაზიის კავშირის ზონის მიღმა ცხოვრობენ, დოლარის კურსის ზრდის გამო დენის საფასური 7%-ით გაუზარდა. ჩამონათვალში შედის საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიც.
„ინტერ რაოს“ წარმომადგენელმა ალექსანდრა პანინამ ევრაზიის კავშირის ფარგლებს გარეთ ელექტროენერგიის მიწოდების შესაძლო შეზღუდვის ან სრული შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება სექტემბრის ბოლოს გამოაცხადა.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ენერგოკომპანიის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ გაძვირებული ტარიფის შესახებ გადაწყვეტილება მათაც ეხებათ.
„სამხრეთ ოსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ წერილი გაუგზავნა რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს, ალექსანდრ ნოვაკს. ამ დროისთვის ოფიციალური პასუხი ჯერ არ მიგვიღია. ამასთან, შემიძლია, ვთქვა, რომ ტარიფები იგივე დონეზე დარჩა“, - განაცხადა კაბისოვმა.
ოკუპირებულ ცხინვალში 1 კილოვატი ელექტროენერგია ახლა 3.36 რუბლი (9 თეთრზე ოდნავ მეტი) ღირს. რუსეთმა დე ფაქტო რესპუბლიკას ელექტროენერგია წელს ერთხელ უკვე გაუძვირა. იქ მცხოვრები ადამიანები ზაფხულში 3 რუბლს (8 თეთრს ) იხდიდნენ.
ოკუპირებული აფხაზეთისგან განსხვავებით, ცხინვალის რეგიონი მთლიანად არის დამოკიდებული რუსეთიდან მიწოდებულ ელექტროენერგიაზე.