Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის თაობაზე ევროპის საბჭოს კონვენციის დენონსაცია მოახდინა


ევროპის საბჭოს სხდომათა დარბაზი. სტრასბურგი, 14 მარტი, 2022.
ევროპის საბჭოს სხდომათა დარბაზი. სტრასბურგი, 14 მარტი, 2022.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის თაობაზე ევროპის საბჭოს კონვენციის დენონსაციის შესახებ. დოკუმენტი 29 სექტემბერს იყო მის მიერ ინიციირებული. დოკუმენტზე უარის თქმის მიზეზად სახელდებოდა მიღებული კონვენციის ფარგლებში რუსეთის მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება.

სახელმწიფო დუმამ 10 ოქტომბერს მოახდინა კონვენციის დენონსაცია. განმარტებით ბარათში დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გასული წლის სექტემბერში მიიღო რეზოლუცია, რომელმაც მნიშვნელოვნად შეზღუდა რუსი ექსპერტის უფლებამოსილებები საკონსულტაციო კომიტეტში, რომელიც შექმნილია ეროვნული უმცირესობების დაცვის მონიტორინგისთვის.

გარდა ამისა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე მოსკოვმა დაკარგა უფლება, საერთაშორისო დონეზე მიადევნოს თვალი ეთნიკური უმცირესობების, მათ შორის საზღვარგარეთ რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დარღვევის შემთხვევებს.

რუსეთი კონვენციას 1996 წელს შეუერთდა. დოკუმენტი მიზნად ისახავს ეროვნული უმცირესობების დაცვას დისკრიმინაციისგან, ხელს უწყობს კულტურის, რელიგიისა და ტრადიციების შენარჩუნებას და ასევე ითვალისწინებს ენის თავისუფლად გამოყენების უფლებას.

2022 წლის 16 მარტს რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს 26-წლიანი წევრობის შემდეგ. ერთი დღით ადრე საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად დაუჭირა მხარი რუსეთის გაძევებას.

2023 წლის თებერვალში სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონი, რომელიც წყვეტს ევროპის საბჭოს 21 ხელშეკრულების მოქმედებას რუსეთთან მიმართებაში, მათ შორის ადამიანის უფლებათა კონვენციაზე.

XS
SM
MD
LG