სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტს, დავით გრიგოლიას, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა აღკვეთოს ღონისძიების სახით გირაო (2500 ლარი) შეუფარდა. დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანი იანუშაიტიტეს საქმეზე, მას ბრალად ედება სამსახურებრივი გულგრილობა (სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილი).
სასამართლომ გრიგოლია აგრეთვე გაათავისუფლა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის პოზიციიდან.
პროკურატურამ სასამართლო პროცესზე დავით გრიგოლიასთვის გირაოს, 5000 ლარის, შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.
გარდაცვლილი 12 წლის ბავშვის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 11 დეკემბერს, 11:00 საათზე, გაიმართება.
ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ ადვოკატები და გარდაცვლილი ბავშვის დედა მიიჩნევდნენ, რომ ბრალდებული ექსპერტისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება იყო აუცილებელი, შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის, მოწმეზე ზემოქმედების ან/და მტკიცებულების განადგურების საფრთხის თავიდან აცილების მიზნით.
ადვოკატები ასევე აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება უნდა გაგრძელდეს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით (საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობა), რასაც ორგანიზაცია თავიდანვე ითხოვდა.
„12 წლის ანის გარდაცვალების საქმეში საკვანძო მტკიცებულებების დაზიანების შესახებ „უფლებები საქართველომ“ საზოგადოებას 2023 წლის 5 ივლისს აცნობა. საუბარია იმ კატეგორიის ნივთმტკიცებებზე, რომელთა გამოკვლევითაც, შესაძლოა, დადგენილიყო გოგონას სხეულზე უცხო ადამიანის დნმ-ის არსებობის ფაქტი ან/და საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოება", - აღნიშნავს ორგანიზაცია.
12 წლის ანი იანუშაიტიტე მეზობლებმა და ოჯახის წევრებმა 17 მარტის ღამეს დიდ დიღომში, სახლთან ახლოს, პეტრიწის 12 ნომერთან, ნაგავსაყრელად ქცეულ ტერიტორიაზე, იპოვეს. ეს ადგილი ბავშვის სახლის უკან, დაახლოებით 200 მეტრში მდებარეობს.