Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბჟანია მოელის, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა „თავშეკავებას გამოიჩენს“


ასლან ბჟანია, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი
ასლან ბჟანია, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას.

რამდენიმე თვის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ტელემარათონის ფარგლებში განაცხადა, რომ რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაშიც შეიტანს წვლილს.

[უკრაინის პრეზიდენტის] ეს განცხადება იმას მოწმობს, რომ ზელენსკის და მის უკან მყოფ ძალებს კავკასიის რეგიონში ახალი სისხლისმღვრელი ომის დაწყება სურთ. უკრაინა ცდილობს კონფლიქტის მონაწილეთა გეოგრაფიის გაფართოებას და რუსეთის გარშემო არასტაბილურობის დამატებითი სარტყლის შექმნას ... იმედი მაქვს, საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა თავშეკავებას და პრაგმატიზმს გამოიჩენს. არ მგონია, რომ ომი დღეს მათთვის მომგებიანი იყოს“, - განაცხადა ბჟანიამ.

მისი თქმით, ზელენსკი ასეთ განცხადებებს რეგულარულად აკეთებს და „დასავლეთი მათზე ან დუნედ, ან საერთოდ არ რეაგირებს, რადგან ისინი აფხაზეთთან მიმართებაში მსგავს შეხედულებებს იზიარებენ“.

ასეთ დეტალებში ვლინდება დასავლური სახელმწიფოების ე.წ. ხელმძღვანელების მთელი არსი. საუბარია ახალი ომის გაჩაღებაზე და არანაირი რეაქცია არ არის“, - განაცხადა ბჟანიამ.

"ინტერფაქსის" ცნობით, მან დასძინა, რომ „აფხაზეთის ხელისუფლება“ მუდმივად აძლიერებს თავდაცვით შესაძლებლობებს და მოქმედებს „მოკავშირეებთან ერთიანი ფრონტით“.

ოჩამჩირის პორტში რუსეთის საზღვაო ძალების გემების დაგეგმილ ბაზირებასთან დაკავშირებით შეკითხვაზე პასუხად ბჟანიამ აღნიშნა, რომ „რუსეთის საზღვაო ძალების ბაზის განლაგება ოჩამჩირეში შეესაბამება აფხაზეთის ინტერესებს“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილება არის "ოკუპაციის გაგრძელება" და "უფრო აუარესებს ამ სიტუაციას, რომელიც თან ახლავს ოკუპაციას".
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოხატა და მსგავს ქმედებებს უწოდა „მორიგი პროვოკაციული მცდელობა“, რომელიც მიმართულია „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისკენ“.
საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერი დეპუტატების ინიციატივას, ამ საკითხზე მიღებულიყო რეზოლუცია, რომელიც დაგმობდა "რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის − ოკუპაციას, მილიტარიზაციას და მათი ანექსიისკენ მიმართულ აგრესიულ ქმედებებს, რომლის ახალი გამოხატულებაა აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილება, ისევე როგორც აფხაზეთის რუსეთ-ბელარუსის კავშირში ინტეგრაციის მცდელობა".

უკრაინელი პოლიტიკოსების ერთმა ნაწილმა საქართველოს მოუწოდა, ისარგებლოს უკრაინაში შექმნილი სიტუაციით და გადაჭრას ტერიტორიული პრობლემები, საქართველოს ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარებას მხოლოდ მშვიდობიანი გზით გეგმავს. საქართველოს ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი ასევე ამბობს, რომ „გლობალური ომის პარტია“ დასავლეთში ცდილობს საქართველოს ჩართვას ომში, რასაც კატეგორიულად უარყოფენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, დასავლელი პოლიტიკოსები და დიპლომატები.

XS
SM
MD
LG