Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის სადავო პროექტში „უხამსობის" აკრძალვის საკითხი დაამატეს


საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა
საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა

79 მომხრე, 4 წინააღმდეგი - პარლამენტმა „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო. ცვლილება პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება.

30 ივნისის ცვლილებებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში (55​ (2) მუხლი) სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აკრძალვის საკითხი ჩამოყალიბდა. მოქმედი კანონმდებლობით, ნორმის დარღვევაზე რეაგირება შესაძლებელია მხოლოდ თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში. გადაწყვეტილებების სასამართლოში, კომისიაში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება დაუშვებელია. მისი მიღების წინაპირობა ევროკავშირის აუდიოვიზუალური მედიამომსახურების დირექტივასთან ჰარმონიზაცია იყო. ამასთან, ევროპის კავშირი 12 პრიორიტეტის ფარგლებში მოითხოვს „მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებებს, ევროსაბჭოს მოსაზრებების მხედველობაში მიღებით.

ამჟამინდელი კანონპროექტის თანახმად, პროცესი თვითრეგულირების მექანიზმით არ შემოიფარგლება: დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, კანონის 55 (2) მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს კომისიაში.

მედიაექსპერტების ნაწილი კანონპროექტს უარყოფითად აფასებს. „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორის, ნათია კუპრაშვილის თქმით, დაგეგმილი ცვლილებები ბუნდოვანია. როგორც მან თქვა, თუკი საკანონმდებლო ცვლილების ინტერპრეტირება ხდება ისე, რომ მარეგულირებელმა თავისი ხედვით დაიწყოს წარმოება მაუწყებლის წინააღმდეგ და განსაკუთრებულ შემთხვევებში სანქციებს მიმართოს, შეიძლება, ის კრიტიკული მედიის წინააღმდეგ დასჯის მექანიზმად იქცეს.

განახლება

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი განცხადებით, პირველი მოსმენით მიღებამდე, კანონპროექტში უხამსობის რეგულირების საკითხი ჩაამატეს.

„განგაშის ზარია შემოსაკვრელი! სიძულვილის ენის სახელმწიფო რეგულირებას, უცებ უხამსობის რეგულირება დაამატეს და პირველი მოსმენით ესე მიიღეს ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში. უხამსობის რეგულირების საკითხი ინიცირებულ ვერსიაში არ იყო, პირველი მოსმენით მიღების წინ ჩაემატა. დიდი საფრთხეა ეს მედიის თავისუფლებისთვის!" - დაწერა მარიკაშვილმა ფეისბუკის პირად გვერდზე.

ინიციირებულ კანონპროექტში შეტანილი ცვლილებები 56 პრიმა მუხლის მე-3 პუნქტებში ჩამოყალიბდა ისე, რომ პროექტს დაემატა უხამსობის აკრძალვის საკითხი.

„იკრძალება პორნოგრაფიის, აგრეთვე ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას. ამ პუნქტით გათვალისწინებული პროგრამა ან რეკლამა (გარდა ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა შემლახავი პროგრამისა ან რეკლამისა) შეიძლება განთავსდეს მხოლოდ კოდირებული ფორმით, მომხმარებელთან ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე“, - ვკითხულობთ შესწორებულ ვერსიაში.

2022 წლის დეკემბერში პარლამენტმა ევროკავშირის აუდიოვიზუალური მედიამომსახურების დირექტივასთან ჰარმონიზაციის მოტივით „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში მიიღო ცვლილებები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა უარყოფითად შეაფასეს. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დაუყოვნებლივ აღსრულებას ექვემდებარებოდა, სასამართლოში გასაჩივრების მიუხედავად. ამასთან, სიძულვილის ენის მარეგულირებელი ნორმები მედიის თავისუფლების თვითნებური შეზღუდვის რისკს წარმოადგენდა. სწორედ ეს საკითხები გამოსწორდა ივნისში მიღებული ცვლილებებით.

XS
SM
MD
LG