მარნეულის ერთ-ერთ კლინიკაში არასრულწლოვანმა ბავშვი გააჩინა - ამის შესახებ სამართალდამცველებს სამშობიარომ შეატყობინა. გამოძიება ამ ეტაპზე სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში. დანაშაული 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჯერჯერობით უცნობია, დაემატება თუ არა გამოძიებას სხვა მუხლებიც, როგორებიცაა ქორწინების იძულება და დანაშაულის შეუტყობინებლობა.
სამოქალაქო აქტივისტის, თოზუ გულმამედლის ინფორმაციით, 14 წლის გოგო ბოლნისის სოფელ ნახიდურში ცხოვრობდა. ნახიდურის სკოლის დირექტორი კახი ჩუბინიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მოზარდი 2022 წლის მაისში გადავიდა დმანისის ერთ-ერთი სოფლის სკოლიდან და მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში ირიცხებოდა მათ სკოლაში. კახი ჩუბინიძემ არ იცის, მათი სკოლიდან წასვლის შემდეგ გააგრძელა თუ არა გოგომ სწავლა სხვა რომელიმე სკოლაში.
"2022 წლის დეკემბერში ბავშვის დედამ მოგვმართა განცხადებით, რომ ოჯახი საზღვარგარეთ მიდიოდა საცხოვრებლად და ბავშვი წყვეტდა სწავლას ჩვენს სკოლაში. გუშინ იყო პოლიცია ჩვენთან მოსული, წაიღეს ყველა დოკუმენტი", - უთხრა რადიო თავისუფლებას ნახიდურის სკოლის დირექტორმა. ის განმარტავს, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების მხრიდან საკმაოდ ხშირია ბავშვების სკოლიდან გაყვანა ამ არგუმენტით.
2022 წელს საქართველოში 5 508 ბავშვმა შეწყვიტა სკოლაში სწავლა, ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ წასვლის გამო.