"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ფეისბუკის პირად გვერდზე ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას ენმ-ის მენეჯმენტისა და "ქართული ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესმენების შეხვედრის შესახებ. ის წერს, რომ არსებობს ლეგიტიმური კითხვები, რომლებზე პასუხებს იმსახურებს საზოგადოება და მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს ასეთ შეხვედრას. ის მიიჩნევს, რომ ბიზნესმენების მხრიდან ასეთ შეხვედრაში მონაწილეობისთვის სულ ორი მოტივაცია არსებობს: ივანიშვილის ინტერესის გატარება და ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, საკუთარი ინტერესის დალაგება.
"და რა ინტერესი შეიძლება გქონდეს შენ, ოპოზიციური პარტიის ლიდერს, მსგავს ხალხთან [შეხვედრის], თუ შენთვის პოლიტიკური კორუფცია მიუღებელია, თუ არსებული სისტემა, არაფორმალური მართვა ფულით, მიუღებელია, თუ ამ ადამიანების ცხოვრებისა ბიზნესის კეთების წესი არის მიუღებელი და თუ მისი შეცვლა გინდა და არა სახელებისა და გვარების ჩანაცვლება", - კითხულობს მელია.
ის მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მხრიდან ამგვარ შეხვედრებში მონაწილეობა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მათთვის მისაღებია პოლიტიკური კორუფცია და მართვის ოლიგარქიული სისტემა.
ყოფილ თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილთან კვიპროსში გამართული შეხვედრის შესახებ, რომელსაც ესწრებოდნენ ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენები, 17 ოქტომბერს "ტვ პირველის" ეთერში ილაპარაკა ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა. მისი თქმით, ამ შეხვედრაზე ივანიშვილის რეჟიმის ცვლილების საჭიროებაზე ისაუბრეს. მანვე განაცხადა, რომ შეხვედრაში მონაწილე ბიზნესმენები "მზად არიან ენმ-ის დაფინანსებაზე."
ხაბეიშვილს არ დაუკონკრეტებია, კეზერაშვილის გარდა, ვის ესწრებოდა ამ შეხვედრას.
"ამ შეხვედრაზე დავით კეზერაშვილის გარდა, სხვა ძალიან ბევრი საინტერესო ბიზნესმენი, ქართველი, მათ შორის, საქართველოში მოღვაწე, რომელიც შეიძლება დღეს ითვლებოდეს ბიძინა ივანიშვილის კარზე მიღებულ ბიზნესმენად, ეს ხალხი და მათი წარმომადგენლები, ძალიან ფართო სპექტრი იყო წარმოდგენილი.
ის ხალხი, ვინც თვლის, რომ რუსული პარტია უნდა დასრულდეს და ვისაც ყელში აქვს ამოსული, რაც დღეს ხდება, ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ივანიშვილს ძალიან არ მოეწონება. ჩემი აზრით, დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე მუშაობენ და დაიწყებენ ამის გადამოწმებას - ვიღაც საქართველოდან ჩამოვიდა, ვიღაც საფრანგეთიდან, ვიღაც გერმანიიდან, ვიღაც ბელგიიდან, ვიღაც შვედეთიდან, ვიღაც ფინეთიდან. ყველას დაველაპარაკები, ვისაც ერთი აგურის დადება შეუძლია ივანიშვილის წინააღმდეგ, მათ შორის კეზერაშვილს", - თქვა ხაბეიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.
რადიო თავისუფლებამ მელიას ჰკითხა, იცის თუ არა, რომელი ბიზნესმენები მონაწილეობდნენ შეხვედრაში. მან გვიპასუხა, რომ ამგვარ ინფორმაციას არ ფლობს და შეხვედრის შესახებ მანაც ტელევიზიიდან გაიგო.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგეგმებოდა დავით კეზერაშვილთან ენმ-ს წევრების, ლევან ხაბეიშვილის, პეტრე ცისკარიშვილის და დავით კირკიტაძის შეხვედრა, ცნობილი გახდა 10 ოქტომბერს.
ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარის არჩევნებისას ღიად საუბრობდა იმაზე, რომ მის წინააღმდეგ კამპანიაში აქტიურად იყვნენ ჩართული ყოფილი მაღალჩინოსნები, დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი. ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნები, რომელზეც პარტიამ ლევან ხაბეიშვილი აირჩია ლიდერად, 2023 წლის იანვარში ჩატარდა.