Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხილვის დღეს ვიზიტორებს პარლამენტში შესვლა შეეზღუდებათ


საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი
საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი

18 ოქტომბერს, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის განხილვის დღეს, უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში ვიზიტორებს შესვლა შეეზღუდებათ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ამ ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა".

როგორც პარლამენტი აცხადებს, „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 4 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა". განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შეზღუდვა არ შეეხება მედიასაშუალებების წარმომადგენლებს.

საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხის განხილვას პარლამენტი 18 ოქტომბრიდან აპირებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა 17 ოქტომბერს.

რაც შეეხება საკითხის განხილვის პროცედურას, პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ეს არის კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის მსგავსი - მომხსენებელი, ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების ავტორებიდან ერთ-ერთი, გამოვა და წარმოადგენს პოზიციას. შემდეგ რეგლამენტით გათვალისწინებულია, რომ პარლამენტს განხილვაში მონაწილეობის მისაღებად შეუძლია მოიწვიოს შესაბამისი თანამდებობის პირი, ამ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი. იგი გამოვა როგორც თანამომხსენებელი. სხდომაზე კითხვებისა და დაზუსტებების შესაძლებლობა იქნება როგორც მომხსენებელთან, ისე თანამომხსენებელთან. პაპუაშვილის თქმით, ვინაიდან რაიმე დარგობრივი მოსაზრებები ამ შემთხვევაში არ არის რელევანტური, არ იქნება კომიტეტის გამოსვლები. "გადავალთ უკვე უფრაქციო წევრების, პოლიტიკური ჯგუფებისა და ფრაქციების გამოსვლებზე და ამის შემდეგ დასკვნით სიტყვის უფლება ექნება მომხსენებელს, თუმცა არა თანამომხსენებელს. ეს იქნება პროცედურა, საბოლოო ჯამში, რომლის განხილვის შემდეგ იქნება კენჭისყრა. იცით, რომ 100 ხმა იქნება საჭირო", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა, რომ ევროკავშირის სამ ქვეყანაში მთავრობის თანხმობის გარეშე მოგზაურობით სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.

1 სექტემბერს გახდა ცნობილი, რომ მმართველი პარტია იწყებდა საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას. საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის სახელით საკონსტიტუციო წარდგინება სასამართლოში 14 სექტემბერს შევიდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საკითხის განსახილველად და დასკვნის მოსამზადებლად კონსტიტუცია 1-თვიან ვადას აძლევდა. პრეზიდენტის იმპიჩმენტის პარლამენტში კენჭისყრაზე გასატანად აუცილებელი იყო სასამართლოს უარყოფითი დასკვნა (9 მოსამართლიდან 6-ის თანხმობა). ამის შემდეგ საკითხი კენჭისყრაზე ორი კვირის ვადაში დგება - პრეზიდენტის გადასაყენებლად საჭიროა 100 დეპუტატის ხმა, რაც მმართველ პარტიას დღევანდელი მდგომარეობით არ აქვს.

XS
SM
MD
LG