Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„[დედაჩემს] თქვენი ხელისუფლების დროს ერთი ნასყიდობით აქვს რამდენიმე მილიონი აღებული" - თავდაცვის მინისტრი


საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "მინისტრის საათის" ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უპასუხა „ლელოს" წევრის, სალომე სამადაშვილის შეკითხვას, რომელიც მის გამდიდრებას ეხებოდა. მინისტრმა განაცხადა, რომ მის ოჯახს ქონება ხელისუფლებაში მოსვლამდეც ჰქონდა.

როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ თქვა, დედამისი რამდენიმე შპს-ს დამფუძნებელია და წინა ხელისუფლების დროს ერთი ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს აღებული რამდენიმე მილიონი. თავდაცვის მინისტრმა დაამატა, რომ მისმა ოჯახმა 1990-იან წლებში თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „ყველაზე დიდი ქონების პრივატიზაცია" მოახდინა.

„რაც შეეხება დედაჩემს, არ მინდა ამაზე ვისაუბრო, მით უმეტეს, ამ ტრიბუნიდან, მაგრამ ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, თქვენი ხელისუფლების დროს, ერთი ნასყიდობით აქვს რამდენიმე მილიონი აღებული.

ის, რომ შპს-ში დედაჩემი იყოს მონაწილე... რამდენიმე შპს-ს დამფუძნებელი და დირექტორია. ეს ხდება 1995 წლიდან.

თქვენ გეშლებით მე თქვენს ხელისუფლებაში. კეზერაშვილი, რომელიც მართლა მათხოვარი მოვიდა ხელისუფლებაში და მილიარდერი წავიდა; ასევე კარგად მახსოვს თქვენი ლიდერი რა ქონებით მოვიდა და წავიდა ხელისუფლებიდან.

თუ ვინმეს რამე საშუალება ჰქონდა, მათ შორის, 90-იან წლებში, ყველაზე დიდი ქონების პრივატიზაცია რუსთაველის გამზირზე მოხდა ჩემი ოჯახის მიერ. ასე რომ, ეს საკითხი, ძალიან გთხოვთ, დახურეთ", - თქვა პარლამენტის ტრიბუნიდან თავდაცვის მინისტრმა.

სალომე სამადაშვილმა მინისტრს მიმართა: „არ გრცხვენიათ, რომ თქვენს შვილს აქვს ბიზნესი რუსეთის მოქალაქესთან ერთად და რუსულ აბანოებს აშენებს ჩვენს ქვეყანაში? უკეთესი ბიზნესი ვერ იშოვა თქვენმა შვილმა?"

ჯუანშერ ბურჭულაძემ უპასუხა: „ჩემი შვილი არ არის, მე ამაზე სარჩელიც მაქვს შეტანილი, კონკრეტული ფიზიკური პირისგან ვითხოვ ბოდიშს. თქვენი მეგობრები იმალებოდნენ სარჩელის არმიღებაზე, ბოლოს მიიღეს. მე ამ პროცესს, რა თქმა უნდა, მოვიგებ, იმიტომ რომ ეს იყო აბსოლუტურად მოგონილი ტყუილი".

XS
SM
MD
LG