საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, უკრაინაში, ომში მებრძოლი ქართველები გმირები არიან. ასე გამოეხმაურა იგი „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში გამოსვლისას მისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელის, დეპუტატ ანა წითლიძის მიერ დასმულ შესაბამის შეკითხვას.
„ვიღაცისთვის გმირები არიან, ჩემთვის გმირები არიან, სამართლებრივად ეს სტატუსი არ აქვთ, რომელიღაც ქვეყნის მოქალაქისთვის შეიძლება არ იყვნენ გმირები. ჩემთვის პირადად გმირები არიან. როდესაც, ზოგადად, ადამიანი იცავს ისეთ ღირებულებას, რომელსაც მე პატივს ვცემ, ის ჩემთვის გმირია. არ აქვს მნიშვნელობა, ამ შემთხვევაში მათ შორის 10 პროცენტიც კი რომ იყოს იმ განწყობის, ფიქრობდეს, რომ ამით ჩვენი ქვეყნის საქმეს აკეთებს და ჩემი აზრით, იქნება ასეთი, მე, რა თქმა უნდა, ყველას პატივს ვცემ მათ გამო“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ამასთან, მან უპასუხა დეპუტატ ნიკა მაჭუტაძის შეკითხვას, რატომ არ კრძალავენ უკრაინის ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს ძმათა სასაფლაოზე. მისი თქმით, ამისთვის საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, რაც სცდება თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციას.
"ჩვენ ავიღეთ ჩვენს თავზე ეს საკითხი და პატივით ვკრძალავთ მათ... თხოვნა, რაც ჩვენ გვქონდა მათი ოჯახის წევრებისგან, ვთვლით, რომ შევასრულეთ და არცერთი შემთხვევა არ დაგვიტოვებია სამხედრო პატივით დაკრძალვის გარეშე", - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
უკრაინის ომში 50-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამხედრო პატივით კრძალავენ.
გასული წლის 28 თებერვალს საქართველოდან ვერ გაფრინდა მოხალისეთა ჯგუფი, რომელიც ამბობდა, რომ უკრაინაში ჩასვლა და მეგობარი ქვეყნის დახმარება სურდა. მომდევნო დღეს კი, უკრაინაში ომის დაწყების მეექვსე დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან ელჩი გაიწვია, მათთვის დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლისა და სანქციებისადმი გამოხატული პოზიციების გამო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მაშინ განაცხადა, რომ "ეროვნული ინტერესებიდან" გამომდინარე, საქართველო არ აპირებდა შეერთებოდა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის ქვეყნების სანქციებს.