Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგიის პოლიციის განცხადებით, ლიკვიდირებულია შვედეთის ორი მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი


პოლიცია თავდასხმის ადგილზე. 16 ოქტომბერი, 2023 წელი
პოლიცია თავდასხმის ადგილზე. 16 ოქტომბერი, 2023 წელი

ბელგიის პოლიციამ 17 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა მოკლეს წუხანდელ სროლაში ეჭვმიტანილი, რომელმაც შვედეთის ორი მოქალაქე გამოასალმა სიცოცხლეს.

ბელგიის დედაქალაქში ეჭვმიტანილის ძებნის ოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ანელის ვერლინდენმა ტელევიზია VRT-ს შემდეგი განუცხადა: "კარგი ამბავი გვაქვს: ეჭვმიტანილი ვიპოვეთ." მისი თქმით, ამოღებულია იარაღი, რომლიდანაც, სავარაუდოდ, შვედეთის მოქალაქეებს ესროლეს.
ვებგვერდ HLN-ის თანახმად, 45 წლის აბდესალ ლასუედი მოკლეს შარბეკის რაიონის ერთ-ერთ კაფეში, რომელიც წუხანდელი სროლის ადგილიდან დაახლოებით ორ კილომეტრში მდებარეობს.

მედიის ცნობით, ლასუედი ტუნისელია და ბელგიაში არალეგალურად ცხოვრობდა. ის ცნობილი იყო პოლიციისთვის და, როგორც HLN იუწყება, ეჭვმიტანილი იყო ადამიანის კონტრაბანდაში.

16 ოქტომბერს, საღამოს, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა შვედეთის 2 მოქალაქე და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. ბრიუსელში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადდა.


ბელგიის პროკურატურის ინფორმაციით, თავდამსხმელი ექსტრემისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ მიმდევარია.

თავდამსხმელის მიერ მოკლული შვედები ბრიუსელში იმყოფებოდნენ მათი ქვეყნის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საგულშემატკივროდ. თავდასხმა მატჩის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. ბელგიისა და შვედეთის ნაკრებთა შეხვედრა პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ შეწყდა.

XS
SM
MD
LG